გახდება თუ არა ინგა გრიგოლია „რუსთავი 2“-ის სახე
„პროდიუსერობას ვგეგმავ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვეჭვობ, რომ იმედზე აღარ“, – ამ შინაარსის კომენტარი ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია „იმედისგან“ რომელიმე გადაცემის პროდიუსერობის შეთავაზება მიიღო.
„მითხრეს, რომ თუ სურვილი მექნება, შემიძლია, ვიმუშაო ვებგვერდზე ან რომელიმე გადაცემის პროდიუსერად, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ინტერესი ეს არ არის. პროდიუსერობას ვგეგმავ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვეჭვობ, რომ „იმედზე“ აღარ“,-აღნიშნა გრიგოლიამ.
ჟურნალისტი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, სად შეიძლება გააგრძელოს საქმიანობა.
გადაცემების დახურვიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა გრიგოლია „რუსთავი 2“-ის სახე გახდეს, რაზეც ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია კომენტარს ვერ აკეთებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე ჯერ არ უფიქრია.
„ კომენტარს ვერ გავაკეთებ მაგ საკითხზე. ჯერ ახალი ამბავია და შესაბამისად, არ გვიფიქრია. ჩემი მხრიდან მიზანშეუწონელია სხვა არხის გადაწყვეტილების შეფასება“,-განაცხადა გვარამიამ.