“პლეხანოვზე” ჩინელმა გოგონებმა ქართველი ბიჭები სცემეს
რატომ სცემეს “პლეხანოვზე” ჩინელმა გოგონებმა ქართველ ბიჭებს – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს.
ნათია მაისურაძე, რომელიც უკვე 40 წელია აღმაშენებელზე ცხოვრობს, გამოცემასთან ამბობს, რომ უცხოელების რაოდენობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.
მისი თქმით, გოგონებისთვის საღამოს საათებში პროსპექტზე გამოსვლა სულ უფრო საშიში ხდება.
“მეზობელი ქალი ამბობდა, რომ რამდენიმე თვის წინ ქართული რესტორნიდან გამოსული ქართველი გოგონებისთვის თურქ მამაკაცებს გზა გადაუკეტავთ. გოგონები ისევ რესტორანში შეცვენილან. მათ გამოჰქომაგებია ქართველი მამაკაცი და ქართველებსა და თურქებს შორის ჩხუბი ამტყდარა“,-ამბობს ნათია მაისურაძე.
ლალი მგალობლიშვილის თქმით, მის ეზოში არსებულ ჰოსტელებში ყოველ ღამით უცხოელ მამაკაცებს ქართველი გოგონები მიჰყავთ და ოთახებიდან გამოსული ხმაური მეზობლებს დაძინების საშუალებას არ აძლევს.
“ტეტელაშვილის ქუჩაზე რამდენიმე “ჩილიმ-ბარია”, ჩემს ეზოში სამი ჰოსტელია, რომელთა ფასი 30 ლარიდან იწყება. ყოველ საღამოს არაბ მამაკაცებს ქართველი გოგონები მოჰყავთ და იქიდან გამოსული ხმები უკვე გაუსაძლისს ხდის აქ ცხოვრებას. შარშან არაბეთის მოქალაქეებმა უმოწყალოდ სცემეს ჩვენს უბნელ ბიჭებს, ერთს კბილები აღარ შერჩა, მეორე დასიებული თვალებით დადიოდა… ჩვენს ეზოში ცხოვრობს ხუთი ჩინელი გოგონა. შარშან ჩვენს უბნელ ბიჭებს ჯოხებით სცემეს. მიზეზი არ გაინტერესებთ? ქუჩის წინ იდგა რამდენიმე ქართველი ნასვამი მამაკაცი, მოულოდნელად გამოცვივდნენ ჩინელი გოგონები და ჯოხებით ცემა დაუწყეს, მუშაობაში ხელს გვიშლით,”კლიენტებს” საშუალებას არ აძლევთ, ჩვენთან შემოვიდნენო. მაშინვე მოვიდა პატრული და ბიჭების დაპატიმრება დააპირა, მაგრამ მეზობლებმა არ დავანებეთ“,-ამბობს ტეტელაშვილი.
აღმაშენებლის პროსპექტზე მცხოვრები ჯემალ ბაგრატიონი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს.
“სამი დღის წინ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შევნიშნე, რომ ქართველი მამაკაცი არაბ თუ ერაყელ მამაკაცებთან ჩხუბობდა. ისინი ბევრნი იყვნენ, ბიჭი – მარტო. შემეცოდა და მის დასახმარებლად მივედი. გაშველებაში ერთმა ხელი მკრა და ბორდიურს თავი დავარტყი. 12 ნაკერი დამადეს… 12 საათის მერე გამოდით და თქვენი თვალით ნახეთ, აქ რა ხდება“, -აცხადებს ჯემალ ბაგრატიონი.
“კვირის პალიტრა“ სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012-2013 წლებში 8 458 უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. მათ შორის უმრავლესობა რუსი ეროვნების იყო (სულ 6537). საქართველოს მოქალაქეობა მიღებული აქვს თურქეთის – 83, საბერძნეთის – 393, ისრაელის – 315, სომხეთის – 2090 და აშშ-ის 274 მოქალაქეს. ამავე სტატისტიკის თანახმად, 97 ქვეყნიდან საქართველოში 18 384 კაცი ჩამოვიდა და სხვადასხვა სტატუსით ცხოვრობს. მუდმივი მობინადრის სტატუსი მხოლოდ 1 683-მა კაცმა მიიღო. საქართველოში 2012-2013 წლებში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 295 პირი, მაგრამ საქართველოს მოქალაქის სტატუსი არც ერთ მათგანს არა აქვს, ეგვიპტიდან – 662 პირი, რომელთაგან მოქალაქის სტატუსი მხოლოდ ოთხმა პირმა მიიღო, დანარჩენი კი დროებითი ბინადრობის ნებართვით სარგებლობს; ინდოეთიდან საქართველოს მოქალაქის სტატუსით მხოლოდ ერთი პირი სარგებლობს, დროებითი და მუდმივი ცხოვრების უფლება კი 983 პირს აქვს. ნიგერიიდან მხოლოდ ერთ პირს აქვს მინიჭებული საქართველოს მოქალაქის სტატუსი, 188 კი – დროებითი ბინადრობის უფლება. საქართველოში მცხოვრები 1 223 ირანის მოქალაქიდან საქართველოს მოქალაქის სტატუსით 33 პირი სარგებლობს, თითქმის ყველა ფერეიდნელი ქართველია. 2012-2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეობა 109 უკრაინელსა და ყაზახეთის 78 მოქალაქეს მიენიჭა.