ნინო ჩხობაძე: თუ ირანს მტკვრის წყალს მივცემთ ჩვენი სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დაზარალდება

ირანს ადრე უნდოდა ალაზნის აუზიდან წყალი ასევე მილებით გაეტანა, რაც შეუძლებელია, – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჩხობაძე გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ურმიის ტბის გადასარჩენად ირანს წყალი სჭირდება. მისი თქმით, ეს ახალი ამბავი არ არის და არც ისაა სიახლე, რომ ჩვენი მეზობლები ჩვენგან მილებით აპირებენ წყლის გატანას.
ზემოთ აღნიშნული განცხადებებით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ირანული მხარის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ურმიის ტბის შესავსებად შესაძლოა მტკვრის წყალი გამოიყენონ.
„ირანს ადრე უნდოდა ალაზნის აუზიდან წყალი ასევე მილებით გაეტანა, რაც შეუძლებელია, რადგან ალაზანი თვითონ არის ძალიან დაკლებული და ეს გამოიწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დეფიციტს კახეთში. ძალიან კარგად მესმის სახელმწიფოს ინტერესები და ენერგეტიკის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის ნამდვილად წამგებიანია ნებისმიერი მდინარიდან ირანისთვის წლის მილებით მიწოდება. აღმოსავლეთ საქართველოში წყლის დეფიციტია და როგორ შეიძლება ამ დროს ჩვენ მოვიკლოთ და სხვას მივცეთ წყალი? იგივეს ვიტყვი მტკვართან დაკავშირებითაც. თუ ჩვენ ირანს მტკვრის წყალს მივცემთ, ეს მტკვრის დონეს დასწევს და ქვემო ქართლის რაიონებს მოაკლდება სარწყავი წყალი. ამ რეგიონში წყლის დეფიციტი ურწყავი სავარგულების რაოდენობას გაზრდის, ეს კი თავისთავად ნიშნავს მოსავლიანობის შემცირებას, შესაბამისად, ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების აწევას. ყველაფერი გაძვირდება რაც ქვემო ქართლში მოდის. წლევანდელმა ზაფხულმა აჩვენა, რომ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებშიც იკლო წყალმა და მთლიანად საქართველოში არა მხოლოდ სარწყავი, სასმელი წყლის დეფიციტიც გვაქვს. ზოგან კატასტროფული სიტუაციაა, სადაც წყაროებია, იქ არ არის წყალმომარაგების სისტემა. ქვეყანას სასმელი წყალი თავად არ ჰყოფნის, სოფლებსა და დაბებს თავი დვანებოთ, ყველა ქალაქშიც არ არის მოსახლეობა სასმელი წყლით უზრუნველყოფილი. კი ბატონო, ჩამოსხმით გაყიდვა შესაძლებელია – ეს გააკეთონ და მილებით წყლის გაყიდვაზე ფიქრს თავი დაანებონ!”-აცხადებს ნინო ჩხობაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები