“მთავრობა აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან”
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრი არანაირად არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, – ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა ამით პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას: “მოსალოდნელია თუ არა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნის გამო რუსეთისგან საფრთხე“, – უპასუხა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან “ეს არის წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიონალიზმის დახვეწას შეეცდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრი არანაირად არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, ვფიქრობ, ის დაგვეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან. ვაგრძელებთ დიალოგს – გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული დიალოგი და ვართ მოწოდებული, რომ შევინარჩუნოთ ეს პრაგმატული- კონსტრუქციული მიდგომა. ასე, რომ ეს არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცენტრი და ჩვენ ამისი გამოცდილება გვაქვს უკვე- საჩხერის ბაზა არის ერთ-ერთი მაგალითი ამისა, ეს ცენტრი წარმატებით მუშაობს,ეს იქნება მეორე ცენტრი რომელიც კიდევ და კიდევ დაეხმარება ჩვენი ჯარისკაცებს , ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.