“ნატოს სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ”

ნატოს სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა იენს სტონტელბერგს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებაც ისაუბრა. “ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროანტლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ასევე, ჩვენ შევაფასეთ უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი შეუფერხებლად და სწრაფ ტემპებში მიმდინარეობს. ასევე ერთობლივი შეფასებისა და წვრთნის ცენტრზე, რომელსაც ჩვენ რამდენიმე საათში ერთობლივად გავხსნით. მე მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ეს ცენტრი თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას, რაც მთავარია ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მათი პროფესიონალიზმისთვის, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის,ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების სათანადოდ მომზადებაზე და ამ მიმართულებით განვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები,ასევე ვისაუბრეთ ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და დეტალურად განვიხილეთ ბოლო დროს საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. გენერალურ  მდივანს ასევე  მივაწოდე ინფორმაცია  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და საქართველოს  მიერ  გადადგმული ცალმხრივი,პრაგმატული,კონსტრუქციული ნაბიჯების შესახებ “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები