დავით დონდუა: სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მაპი არ უნდა იქნას განხილული როგორც პროგრესის ერთადერთი ინდიკატორი(ვიდეო)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა შეაფასა.
მისი თქმით, მთავარი გზავნილი რაც გააჟღერა ნატოს გენერალურმა მდივანმა იყო ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და ნატო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველო არის ნატოს აქტიური და სანდო ასპირანტი ქვეყანა და საქართველოს და ნატოს აქვთ საერთო ინტერესები.
“ეს ინტერესები არის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ორმხრივი თანამშრომლობა და მეორე, ასრულდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, რომელიც საქართველოს სრულ ინტეგრაციას გულისხმობს ნატოში. ამისთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დემოკრატიული რეფომრები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. ამ რეფორმებს ნატოს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა. ასევე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა გასულ სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტი. ერთ-ერთი ღონისძიება არის სწორედ სწავლებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომლის ინაუგურაციაც მოხდება დღეს”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში მაპი არ უნდა იქნას განხილული როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის.
“დღევანდელ შეხვედრაზე მაპზე საუბარი იყო როგორც ქართული მხრისგან, ასევე იენს სტოლტენბერგისგან. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში მაპი არ უნდა იქნას განხილული, როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის. მაპზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ნატოს უფრო მეტი აქტიური ყოფნა საქართველოში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მეტი ერთობლივი წვრთნები, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ თავსებადობამდე, რომელიც აუცილებელი მოთხოვნაა ასპირანტი ქვეყნისადმი. ყველაფერ ამის საშუალებას იძლევა სწორედ ეს ცენტრი, რომლის ინაუგურაციაც მოხდება რამდენიმე საათში”, – განაცხადა დონდუამ.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს და მისი თითოეული წევრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები