“შვილიშვილი ხელში ჩამაკვდა” – რას ჰყვება კლდის ჩამოშლის შედეგად დაღუპული 10 წლის ბიჭის პაპა

ანანურში, ჟინვალის გზატკეცილზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ, სადაც 10 წლის მოზარდი გარდაიცვალა, უშუალო თვითმხილველი და გარდაცვლილის ბაბუა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

გარდაცვლილის ბაბუა იური ჩიხაშვილი, რომელიც პროფესიით ექიმ-ანესთეზიოლოგია, მთავრობის წევრებს მიმართავს. როგორც იური ჩიხაშვილი აცხადებს, ჟინვალის გზაზე უბედური შემთხვევა კლდიდან წამოსულმა ქვის ნაშალმა გამოიწვია. მისი თქმით, კლდეს დამცავი ბადე რომ ჰქონოდა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. იური ჩიხაშვილი „კვირის პალიტრას“ დეტალურად უამბობს, 19 აგვისტოს დღეს, თუ როგორ ებრძოდა სიკვდილს 10 წლის შვილიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ტრაგედიის შედეგად ვანიკო კოშაძე დაიღუპა.

„ჩემი ოჯახი, მეუღლე, ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ანანურში მყავდა წაყვანილი, წყალსაცავზე გავასეირნე, ბავშვებმა იბანავეს და ჟინვალში ვბრუნდებოდით. ამ დროს დაიწყო ქვების ცვენა, საჭესთან მე ვიჯექი, როდესაც მანქანას ლოდები დაეცა, ერთი ლოდი სალონში შემოვარდა. ჩემი ვანიკო, ჩემი ტკივილი და უბედურება გვერდით მეჯდა და პირდაპირ მას მოხვდა… თავად ექიმი ვარ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მანქანაში მქონდა სამედიცინო ინსტრუმენტები, ძლიერი სისხლდენის შესაჩერებელი პროცედურა და ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე. ამასობაში, ჩემმა მეუღლემ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დარეკა და კატასტროფის ბრიგადაც მოვიდა, მაგრამ ვატყობდი, საქმე ძალიან ცუდად იყო.

შვილიშვილი, ფაქტობრივად, ხელში ჩამაკვდა… სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, რასაც ქალა-ტვინის ღია ტრავმა ემატებოდა, საფეთქლის ძვალი და პირის ღრუც დაზიანებული ჰქონდა. დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. რა გითხრათ, საშინელება ვნახე ჩემი თვალით… ყველაზე უბედური კაცი ვარ, რომელმაც ჩემს ხელში გაზრდილი შვილიშვილი წამებში დავკარგე და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. მეორე შვილიშვილს, პატარა თინიკოს, უფლის წყალობით, არაფერი დამართნია, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს, მანაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა“, – აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.
ამასთანავე, იგი დასძენს, რომ ჟინვალის გზაზე ასეთი ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის. „მე უკვე დაღუპული ვარ, მაგრამ არ მინდა სხვებიც გამწარდნენ და იქნებ ვინმემ მიხედოს ამ გზას, რათა ასეთი საშინელება აღარ დატრიალდეს. ამას წინათ, მიკროავტობუსში შევარდნილა კიდევ ლოდი… მაინც და მაინც მსხვერპლი უნდა მოხდეს, ვინმე რომ დაინტერესდეს და მიხედოს აქაურობას?! ან დამცავი ბადე გააკეთონ ან სხვა პრევენციულ ზომებს მიმართონ, რადგან ახლა, როგორც კი წვიმები დაიწყება, ქვების ჩამოშლა რეგულარული გახდება“, – აცხადებს იური შიხაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები