„გვჭირდება შენობა, ახალი სპექტაკლები და უფრო მეტი წარმატება…“

„ვერ გეტყვით, რომ მსახიობობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ჭიათურაში მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი. თბილისში ჩამოსულმა კონსერვატორიის „ნიჭიერთა ათწლედში“ ჩავაბარე. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე სპექტაკლებზე სისტემატური სიარული და არა მხოლოდ პროფესია, ჩემი ცხოვრებაც სრულიად შეიცვალა…“– ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი რამაზ ხომასურიძე.

– თეატრი და თეატრალური უნივერსიტეტი…
– ძირითადად, დავდიოდი მარჯანიშვილის და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში. იმ პერიოდის რეპერტუარის ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი. ძალიან ბევრ სისულელეს ვაკეთებდით მე და ჩემი მეგობრები, მათ შორის თეატრალურიდან რუსთაველის თეატრში ვიპარებოდით, რომ სპექტაკლები გვენახა. მაშინ, მე ჯერ კიდევ არ მქონდა ნანახი სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“. ფაქტობრივად, ამ სპექტაკლის ნახვა და რამაზ ჩხიკვაძის აზდაკი იყო გადამწყვეტი მომენტი. მივხვდი, რომ თეატრში უნდა ვიყო და თუ მსახიობი ხარ, უნდა ეცადო იმ დონეს ცოტა მაინც მიუახლოვდე. ეს იყო ჩემი პირველი ბავშვური ამბიცია.11853837_905545819494471_2143673194_n
გადავწყვიტე, ბედი მეცადა. რაღაც შინაგანი რწმენა მქონდა. მართლაც, 2000 წელს თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით ოთხი წელი სხვადასხვა თეატრში მიწვეული მსახიობი ვიყავი.
– პირველი როლიდან „ჯაყომდე“...
– როგორც გითხარით, თეატრალურ უნივერსიტეტში შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი. ბატონი შალვა არაჩვეულებრივი ადამიანი და პედაგოგი იყო. მან ძალიან ბევრი რამ მოგვცა და გვასწავლა მომავლის პერსპექტივისთვის. როდესაც ასეთ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, გიყალიბდება გემოვნება და კარგად ხვდები, როგორ უნდა იმუშაო. ამიტომ, შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ ჩემი პირველი და დასამახსოვრებელი როლი, ინსტიტუტში, სპექტაკლი „სამი და“ იყო, სადაც ანდრეის როლს ვთამაშობ. მას შემდეგ, დიდი თუ პატარა, დაახლოებით 20-მდე როლი ვითამაშე, თუმცა ვფიქრობ, ისეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო, როგორიც ჯაყოა, არ ყოფილა. მახსოვს, გასულ წელს სპექტაკლში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ზურიკელას როლზე მუშაობის პერიოდი. პირდაპირ გეტყვით, ძალიან ვიწვალე. მე, ძირითადად, პერსონაჟის თვისებებს – სისუფთავეს, უშუალობას, რაც მას გააჩნია, ჩავეჭიდე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ძალიან ბევრი რამ ხელს მიშლიდა, ჩემი აზროვნებიდან, ასაკიდან, გადმოსახედიდან გამომდინარე. ჯაყოსა და ზურიკელას შორის კი ძალიან დიდი განსხვავებაა. თავიდან, მუშაობა რომ დავიწყეთ, ცოტა შემაშინა ჯაყოს როლმა. არასდროს მიფიქრია ჩემს ასაკში, ამ გამოცდილებით ასეთ როლს შევჭიდებოდი, მაგრამ სწორედ აქ ვიგრძენი განსხვავება ამ ორ როლს შორის. თავს შინაგანად თავისუფლად ვგრძნობდი და მზად ვიყავი ასეთი სერიოზული როლისთვის, ზურიკელა კი უკვე დაგვიანებული იყო ჩემთვის. ჯაყომ გამხსნა, ვგრძნობდი, რომ გამოცდილება მემატებოდა, კიდევ უფრო შემეცვალა დამოკიდებულება მსახიობის პროფესიისადმი.
– ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი…
– ცხინვალის თეატრში ჩემი მეგობარი გიორგი რევაზიშვილი მუშაობდა. უკვე დიდი ხნის დევნილი იყო თეატრი, თბილისში იყვნენ, ნუგზარ ლორთქიფანიძე დგამდა სპექტაკლს და ახალგაზრდა კაცის როლზე ჩემი თავი შესთავაზეს. მას შემდეგ, 2007 წლიდან ამ თეატრის მსახიობი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მე სოხუმის თეატრთანაც ვთანამშრომლობ, ორივე დევნილი თეატრი მუდმივად სხვადასხვა თეატრში დგამს სპექტაკლებს, ჩემთვის ცხინვალის თეატრში მუშაობა ყველაზე საინტერესოა. არის რაღაც პერიოდი, რაც მსახიობს სჭირდება, რომ ღირებული რამ შექმნას. ამიტომ ცხინვალის თეატრში მოღვაწეობა არა მხოლოდ საინტერესო, ღირებულიც არის ჩემთვის. თუმცა, თეატრმა მაინც მიჩვევა იცის.
– სცენა, პრემიერა, მაყურებელი…11868815_905545826161137_979413081_n
– უდიდესი პასუხისმგებლობაა, ითამაშო მაყურებლისთვის და დიდი სიამოვნება, მიიღო მათგან გულთბილი დამოკიდებულება და სწორი შეფასება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც სპექტაკლს ნახულობს, ყველას საკუთარი აზრი და დამოკიდებულება აქვს, მაყურებელს მაინც ვერ დაეყრდნობი. შენ მას მაქსიმუმი უნდა შესთავაზო და შენი კონკრეტული ამოცანა შეასრულო. მაყურებლის ნებისმიერი აზრი კი საპატივსაცემო და მისაღებია, არასდროს მძაბავს და მწყინს, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან, მაინც ვერ გავიგე, როგორია მაყურებელი. მე ვცდილობ, არ დავიბნე და ყველა შეფასება ობიექტურად მივიღო.
მსახიობობას ბევრი რამ მოყვება, უპირველს ყოვლისა – ყურადღება, მაგრამ ის მაინც არის ძალიან რთული პროფესია, სადაც შენ არ გაქვს ყურადღების მოდუნების უფლება. მუდმივად მზად უნდა იყო და ემოცია არ უნდა გაქრეს, ბოლომდე უნდა დაიხარჯო ყოველ სპექტაკლზე, რადგან მაყურებელი არ გაპატიებს და ვერც გაამტყუნებ.
რაც შეეხება პრემიერას, სპექტაკლ „ჯაყოს“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. ასეთი განცდა არც ერთ პრემიერაზე არ მქონია. არ ვიცი, რა დამემართა. ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. ვერაფერს ვგრძნობდი, ფაქტობრივად ჰაერში ვითამაშე მთელი სპექტაკლი. რაც იყო დალაგებული ჩემს გონებაში, ისე განვითარდა, სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ავტომატურად დავიწყე და დავამთავრე. ვფიქრობ, სწორედ ეს არის პრემიერა. თუმცა, სპექტაკლის პრემიერის წარმატება ნიშნავს, თუ ის მთავარი იდეა, რაც რეჟისორმა, მსახიობებმა, რეპეტიციებზე შეიმუშავეს, არ დაიკარგება. მე დიდი რწმენა მქონდა, რომ სპექტაკლი „ჯაყო“ და როლი გამოვიდოდა. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ შინაგანმა ხმამ და რწმენამ გადამარჩინა.
– პარტნიორი სცენაზე…
– ჩემზე ამბობენ, რომ მე ცუდი პატრიონი ვარ. ერთხელ, გოჩა კაპანაძემ მითხრა, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობო და ეტყობა ეს უნდა გამოვასწორო. საერთოდ, რა თქმა უნდა, პარტნიორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ სპექტაკლში, სადაც ბევრი მსახიობი თამაშობს. სპექტაკლში „ჯაყო“ ორი მარგო თამაშობს. თუ მე რამეს ვაკეთებ, სწორედ ამ ორი ქალბატონის: თინათინ კობალაძეს და ლელა მახნიაშვილის დამსახურებაა.11868848_905545822827804_406875501_n
– ფოთის რეგიონული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი…
– ფოთის თეატრის სცენაზე თამაში ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. რაც მთავარია, ყველას, საზოგადოებას, თეატრის მოყვარულებს, ფესტივალის ორგანიზატორებს საშუალება ჰქონდათ, თვალნათლივ დაენახათ დღევანდელი ქართული თეატრის მდგომარეობა. ვფიქრობ, ამ ფესტივალმა წარმოაჩინა ყველა ის პრობლემა და საკითხი, შემოქმედებითი, ტექნიკური, ფინანსური კუთხით. რაც შეეხება, ჩვენს თეატრს, მოგეხსენებათ, რომ თეატრი 20 წელზე მეტია დევნილია და დღემდე რკინიგზელთა სახლში ვართ შეფარებულები. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თეატრის ფესტივალში მონაწილეობა, რომ პროფესიონალებს თეატრის მდგომარეობა შეეფასებინათ, როგორ ვართ და საით მივდივართ. რომ ძალიან გვჭირდება, უპირველს ყოვლისა – შენობა, შემდეგ ახალი სპექტაკლები და უფრო მეტი წარმატება.
– მუსიკა არ გენატრება?
– იცით, უბრალოდ, მე მივხვდი, რომ მუსიკა ჩემის საქმე არ იყო. მე ცოტა ზარმაცი ვარ, შვიდწლედი ძალით დამამთვრებინეს მშობლებმა. ვიოლინო კი ძალიან სერიოზული ინსტრუმენტია. მივხვდი, რომ სერიოზული პროფესია იყო. მინიმუმ რვა საათი უნდა მემეცადინა. თუმცა, მუსიკა ჩემთვის, ნებისმიერ დროს და სიტუაციაში ყველაფერია. სპექტაკლ „ჯაყოს“ მუსიკა, რომელიც სანდრო თედიაშვილმა დაწერა, მისი თითოეული მუსიკალური ფრაზა ძალიან დამეხმარა ხასიათის დაჭერაში.
თუ მენატრება, სხვებს ვუსმენ, თუ ამბიცია გამიჩნდება, ინსტრუმენტი მაქვს, მივეპარები და ჩემთვის ჩუმად ვუკრავ…

მზევინარ ხუციშვილი

11844219_905545829494470_2103307206_n

11845977_905545832827803_541102040_n

11851233_905545836161136_653379091_n

11874131_905545849494468_1218005929_n

11880876_905545839494469_1810508304_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები