პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, რუსუდან თევზაძე უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე და პარტიას ტოვებს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, რუსუდან თევზაძე უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე და ტოვებს პარტიას.
ამის შესახებ თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მოგეხსენებათ, რომ 2021 წლიდან ვარ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორი. სწორედ პოლიტიკური პარტიის წევრის სტატუსით ვცდილობდი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას. მოგეხსენებათ ისიც, რომ მაქვს დეპუტატის მანდატი, რომელიც კოლეგებსა და მეგობრებთან რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ერთობლივი მუშაობით მივიღე.
თუმცა, დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ, ვფიქრობ, მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ. უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას.
პ.ს. ხმამაღლა და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩემი გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის, „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ. ჩემი კოლეგები ჩემთვის კვლავაც რჩებიან მეგობრებად და ჩემთვის პატივსაცემ პროფესიონალ ადამიანებად და ვუსურვებ მათ წარმატებას ამ გზაზე“, – წერს რუსუდან თევზაძე.
შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების თაობაზე 20 ოქტომბერს განაცხადა.