მარიამ ქვრივიშვილი – Eagle Hills-ის გახსნაზე: ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია
EMAAR-ჯგუფის შვილობილი კომპანიის – Eagle Hills-ის ოფისი უკვე ოფიციალურად გაიხსნა.
ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი “კურიერი P.S-თან” ინტერვიუში დეტალებზე საუბრობს.
“ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, 6.5 მილიარდი იქნება ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის უპრეცედენტო ინვესტიცია, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ პროექტს ექნება უდიდესი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში.
ამავდროულად, ინვესტიციის ფარგლებში, ორი ახალი დანიშნულების ადგილი შეიქმნება, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტის სექტორს, მაგრამ, ამავდროულად, გააძლიერებს ტურიზმის სექტორს. თვითონ პროექტების ფარგლებში, მოხდება სხვადასხვა შინაარსისა და ფორმის პროექტების განვითარება, იქნება ეს საცხოვრებელი ადგილები, განთავსების ადგილები, სარესტორნო სივრცეები თუ სავაჭრო ქუჩები. ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ ორი ახალი ქალაქის მშენებლობაზე, რომელსაც ძალიან დიდი ეფექტი ექნება სწორ პოზიციონირებასა და პოპულარიზაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი ღირებულების მომტანი იქნება არამხოლოდ ეკონომიკური სექტორების განვითარებისთვის, არამედ, დასაქმების ხელშეწყობისთვის.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ის ხელმოწერა, რომელიც შედგა სახელმწიფოსა და Eagle Hills-სს შორის არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესის დაცვას. ერთი მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია შემოიტანა ქვეყანაში, Eagle Hills-ის სახით და მეორე მხრივ, ჩვენ, ასევე, შევძელით და მაქსიმალურად უზრუნველვყავით საუკეთესო პირობების წამოღება, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის. სახელმწიფო გახდა ასეთი მსხვილი პროექტის თანაპარტნიორი,” – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.