ანი მიროტაძე: ნურავის ექნება ილუზია, რომ ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას – ხელისუფლებას ეს არ სჭირდება

ეს დავა კერძოა და ნურავის ექნება ილუზია, რომ ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ იცის, დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლა ხელისუფლების მმართველობის დასასრულია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავას.

როგორც მიროტაძემ “კვირას” განუცხადა, ქიბარ ხალვაშს დავა დაწყებული ჰქონდა და იგი სამართლიანი სასამართლოს არსებობის შემთხვევაში აპირებდა პროცესის წამოწყებას.

მიროტაძეს მიაჩნია, რომ დღეს რაც ხდება “რუსთავი 2”-ის გარშემო, იმ ბუნდოვანების გამოძახილია, როდესაც ტელეკომპანიის მეწილეებისა და მფლობელების ვინაობა მუდმივად გაუგებარი და ბურუსით მოცული იყო.

“რა თქმა უნდა, ეს ადვილი ამბავი არ არის, საკმაოდ რთული მოცემულობაა, რომელიც მიმაჩნია, რომ სათავეს იღებს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც წლების განმავლობაში ბუნდოვანი და ბურუსით მოცული იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მეწილეებისა და მფლობელების ვინაობა. ძალიან ბევრჯერ შეიცვალა ამ ტელეკომმპანიის მფლობელი იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ძალა იმყოფებოდა ხელისუფლებაში და რომელი კონკრეტული ძალის პირობებში, რომელი მხარე იყო იმ შემთხვევაში დაწინაურებული და უპირატეს მდგომარეობაში.
მაგალითად, ქიბარ ხალვაშის მიმართ პრეტენზიების წაყენება მოხდა იმის შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა დატოვა წინა ხელისუფლება. ეს დავა უდავოდ კერძოა და აქ სახელმწიფო არაფერ შუაშია. ყველა მოქალაქეს, მათ შორის ქიბარ ხალვაშს აქვს იმის უფლება, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, საკუთარი ქონების დაბრუნებისთვის იბრძოლოს. ეს უფლება მათ კონსტიტუციამ მიანიჭა და ვერავინ ამას წინ ვერ აღუდგება. სხვა საკითხია, რატომ არ იბრძოლა მან აქამდე.
გავიხსენებ ერთ ფაქტს: რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 4-5 წლის წინ, ჩვენ, ანუ კოალიცია “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ არ ვიყავით ხელისუფლებაში, მე პირადად მქონდა საუბარი ქიბარ ხალვაშთან, რომელმაც მითხრა, რომ იგი აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას და აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე. რატომ არ მიმართა მან აქამდე სასამართლოს, ამ კითხვაზე პასუხი უშუალოდ ქიბარ ხალვაშმა უნდა გასცეს. ჩემი აზრით, ჯერ ერთი, მას არ ჰქონდა კუბლაშვილის სასამართლოს იმედი და ძალიან ბევრს არ ჰქონდა კუბლაშვილის სასამართლოს იმედი ამ ქვეყანაში. მეორეც, შესაძლოა მას შესაბამისი დოკუმენტაცია აქამდე არ ჰქონია მზად და როდესაც მივიდა საქმე იქამდე, რომ მზადაა იგი სასამართლო პროცესის დასაწყებად, მან დაიწყო სასამართლო პროცესი. ეს ჩემი ვარაუდია და ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ქიბარ ხალვაშმა უნდა გააკეთოს განმარტება, რათა არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ქიბარ ხალვაშის უკან ხელისულება დგას. ხელისუფლებას ეს არ სჭირდება.
ხელისუფლებამ ზუსტად იცის ის, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ იცოდა, რა დროსაც ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლას იწყებს, მაშინვე იწყება მისი დამარცხება. ამის კლასიკური მაგალითი კი, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” დარბევაა.
თუმცა, წინა ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლა მანამდე დაიწყო, ვიდრე “იმედის” დარბევა მოხდებოდა. გახსოვთ, ალბათ, როგორ იხურებოდა ტელევიზიები, გადაცემები. ასე, რომ “იმედში” ძალისმიერი შეჭრა ამ ყველაფრის აკორდი იყო. ამიტომ იმისთვის, რომ არავის კითხვა არ დარჩეს და არავის ეგონოს, რომ ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას, საუკეთესო გამოსავალია მედიის აქტიური ჩართულობა ამ საკითხში.
ერთხელ და სამუდამოდ, ამ არხის მფლობელების ვინაობის შესახებ სიმართლე უნდა გაირკვეს და ვფიქრობ, ეს თემა მედიისთვის პირველი თემა იქნება. ამ თემას ყველა მედიასაშუალებამ უნდა მიაქციოს ყურადღება, რადგან არ მოხდეს არავიტარი გაყალბებული ინფორმაციის ტირაჟირება. მაქვს იმედი, რომ სასამართლო იქნება ობიექტური, სასამართლოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ობიექტური არგუმენტები ყველა მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

ანი მიროტაძე ყადაღის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ქონების სრულად დაყადაღება კანონიერად მოხდა. მისივე თქმით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.

“რაც შეეხება ყადაღას, ეს არის აბსოლუტურად კანონიერი ფორმა. მხარეს ამის კანონიერი მოთხოვნა შეუძლია და ამიტომ მესმის, რომ მოსამართლე ამ ფორმას იყენებს. მან ალბათ, გაითვალისწინა ის პრაქტიკა, რომ ეს არხი წლების განმავლობაში, სხვადასხვა ინტერესების გამო, ბევრი მეწილე და მფლობელი გაუგებარი და უცნობი იყო. მახსოვს ყარამანიშვილების თემა და ჩემთვის გაუგებარი იყო, რა უნდოდათ ყარამანისვილებს “რუსთავი 2”-ის მეწილეებად. ამიტომ, მგონია, რომ დღეს რაც ხდება მართლა რთული მდგომარეობაა და ეს არის იმ ბუნდოვანების გამოძახილი, რაც ამ არხის მიმართ იყო წლების განმალობაში. ვიტოვებ იმედს, რომ “რუსთავი 2″-ის მაუწყებლობას ხელი არ შეეშლება და იმედია, არავინ გაბედავს, ჩაერიოს მის სარედაქციო პოლიტიკაში, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა”, – აღნიშნა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები