რუსეთმა შვედი დიპლომატი გააძევა
რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან მაღალჩინოსანი შვედი დიპლომატი გააძევა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ეს ნაბიჯი სტოკჰოლმის გადაწყვეტილების საპასუხოდ გადაიდგა, რომელმაც შვედეთიდან რუსი დიპლომატი გააძევა.
როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იუხან ტეგელმა განაცხადა, რუსი დიპლომატი შვედეთიდან გაძევებული იყო საქმიანობისთვის, რომელიც არ შეესაბამება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. მისი განცხადებით, ჯერჯერობიოთ ადრეა იმაზე საუბარი, იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, თუმცა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი „მათ არ გააუმჯობესებს“.
ა.წ. მარტში შვედეთის პოლიციამ და უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც რუსეთის მხრიდან ჯაშუშობის გაძლიერებაზეა საუბარი. დასკვნაში მითითებულია, რომ დიპლომატიურ თანამდებობებს ამოფარებული რუსეთის დაზვერვის ოფიცრები აგროვებენ ინფორმაციას შვედეთის შეიარაღებულ ძალებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ასევე – მეცნიერებასა და ტექნიკაზე.
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის ელჩმა შვედეთში ვიქტორ ტატარინცევმა განაცხადა, რომ ნატოში შვედეთის შესვლის შემთხვევაში მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს. კერძოდ, მას რაკეტებს და სხვა ტიპის იარაღს დაუმიზნებენ. „ქვეყანა, რომელიც ნატოში შედის, უნდა იცოდეს, თუ რა რისკზე მიდის“, – განუცხადა ტატარინცევმა გამოცემა „Dagens Nyheter“-ს.