ჯგუფური გაუპატიურება რუსთავში – რა კავშირი აქვს ფაქტს “ჩემი ცოლის დაქალებთან”?
1980 წელს რუსთავში საზარელი დანაშაული მოხდა. 30 იანვარს ბალანჩივაძის ქუჩაზე, დილის 8 საათსა და 20 წუთზე, მე-9 საშუალო სკოლის სპორტდარბაზის კედელთან ახალგაზრდა გოგონას ნაწამები გვამი აღმოაჩინეს.
როგორც შემდეგ გაირკვა, ახალგაზრდა გოგონა, სახელად, დ.გ. იმ დროის წარჩინებული ოჯახების შვილებმა გააუპატიურეს.
ეს ამბავი ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ მას შემდეგ გაიხსენა, რაც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთ სერიაში ასევე წარჩინებული ოჯახების შვილებმა ახალგაზრდა გოგო გააუპატიურეს.
კობერიძე აღნიშნულს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. “დაახლოებით, 1980 წელს რუსთავში 21 წლის დ.გ. გააპატიურეს დაა მოკლეს მაშინდელი ქალაქის “ელიტის” შვილებმა. ამ ადამიანების სახელები მთელმა ქალაქმა იცოდა. მაშინაც ჭორაობდნენ ობოლი დ.გ.-ის სითამამეზე, რომელმაც გაბედა და ჯინსებში ჩაცმული, მარტო აღმოჩნდა უცხო ბიჭებთან. დედაჩემი თავგამოდებით იცავდა იმ დ.გ.-ს. ეს ამბავი ჩემი ბავშვობის კოშმარად იქცა, რადგან დიდხანს მეშინოდა, ისე ღრმად განიცდიდა დედაჩემი”, – წერს ნათია კობერიძე.
როგორც სერიალის სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა გაზეთ “პრაიმტაიმს” განუცხადა, რუსთავში მომხდარი ამბავი, პოსტფაქტუმ, ნათია კობერიძის გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ გაიგო. მისივე თქმით, სერიალში ქართული რეალობაა ასახული.
„ბუნებრივია, სერიალის სცენარს პირდაპირი კავშირი არ აქვს რუსთავში მომხდარ ფაქტთან, ეს ამბავი მეც პოსტფაქტუმ გავიგე, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ სტატუსი გამოქვეყნა. თუმცა, სერიალში ქართული რეალობაა ასახული“, – განაცხადა დევდარიანმა.
რაც შეეხება გაუპატიურებულ და ნაწამებ დ.გ.-ს, სამედიცინო დასკვნა ცხედრის აღწერილობას ასე წარმოგვიჩენს.
(ტ.1. ს.ფ. 89)
1. თავის ქალის სარქველის, ქალის ფუძის და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა. სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალის არეში. მიეკუთვნება მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას.
2. იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა და ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ნაჩხვლეტი ჭრილობა.
3. საშოდან აღებულ ნაცხში აღმოჩნდა მრავლობითი სპერმატოზოიდები, რაც ჯგუფურ გაუპატიურებაზე მიგვანიშნებს.
4. საქალწულო აპკის მთლიანობა დარღვეულია.
5. კიდურების ძვლების მოტეხილობა.
6. უკანა ტანში სისხლნაჟღენთები განვითარებულია ბლაგვი საგნის მოქმედებით. შესაძლებელია გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დროს.
მიუხედავად ამ სიმძიმის დანაშაულისა, არავინ დასჯილა. ქალაქის მაცხოვრებლების თქმით, დამნაშავეები “ბობოლა” ოჯახების შვილები იყვნენ და სწორედ ამის გამო გადარჩნენ გასამართლებას.
სკოლის დარაჯი: სკოლის ეზოში იპოვეს, მგონი, მეეზოვეს უპოვია. დაქალი ჰყავდა ლია, ვისთანაც დადიოდა სამეცადინოდ. როგორც გამიგია, ეჭვმიტანილები ცნობილი ადამიანების შვილები იყვნენ. ექიმის, პროკურორის და ასე შემდეგ. დ.გ. ძალიან კარგი გოგო იყო, ძალიან კარგად სწავლობდა, ყველას უყვარდა. ესენი იყვნენ ბობოლა ხალხის შვილები.
სკოლის მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთ ბრალდებულს იცნობდა, ყვება, რომ დანაშაული რკინიგზასთან ახლოს ერთ-ერთ ცარიელ ვაგონში მოხდა.
სკოლის მასწავლებელი: როგორც თქვეს, რკინიგზასთან ცარიელი ვაგონები იყო, იმ ვაგონში შეათრიეს. იქ რომ გააუპატიურა ოთხივემ, მერე მკვდარი დააგდეს სკოლის ეზოში. ისეთი უზრდელი რამეები ჩაიდინეს, ისეთი ბინძური რამეები გააკეთეს, თევზის ნაჭამებიო, ნაგავი ჩაყარეს შიგ, ბლაგვი საგანიც იხმარეს გაუპატიურებისას. როგორც გამომძიებელმა ზურაბ მატკავამ “პრაიმტაიმს” განუცხადა, მომხდარი დანაშაულის შესახებ საქმის მასალები დამწვარი და განადგურებულია.
ზურაბ მატკავა: მასალები არ არსებობს. საქმე დამწვარია, განადგურებულია. სხვა საქმეებთან ერთად, საქმე გაუხსნელი დარჩა. მაშინ იყო ასეთი “შაოსნების” საქმე, მასთან დაკავშირებით შეიქმნა სამთავრობო კომისია და ეს საქმეები იქნა გამოთხოვილი და მერე, სამოქალაქო ომის დროს დაიწვა.