თამარ წიქორიძე: ვურჩევ პრეზიდენტს, თავისი შვილის ანალიზები გადაამოწმოს
თამარ წიქორიძე ჟვანიას კლინიკის მედპერსონალს მცირეწლოვანი შვილისთვის არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებს და პრეზიდენტს ურჩევს, ამავე კლინიკაში მყოფი უმცროსი ვაჟის ანალიზები გადაამოწმოს.
წიქორიძის თქმით, იმ დღეს, როდესაც მისი შვილი ჟვანიას კლინიკაში სუნთქვითი პრობლემით, ე.წ ცრუ კრუპის დიაგნოზით მიიყვანა, მასთან ერთად პრეზიდენტის მცირეწლოვანი შვილიც იყო.
„ ჩემს შვილთან ერთად იმ დღეს იყო მარგველაშვილის შვილი, ძალიან მაინტერესებს პრეზიდენტის შვილსაც იგივე ანალიზები გაუკეთეს? მაშინ ახლავე ვურჩევ პრეზიდენტს, თავისი შვილის ანალიზები გადაამოწმოს“, – განაცხადა წიქორიძემ.
როგორც გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ საუბრისას წიქორიძე ყვება, ბავშვი კლინიკაში ჰაერის უკმარისობით, ე.წ. ცრუ კრუპის ნიშნებით მიიყვანა. პატარას ინჰალაცია გაუკეთეს. მესამედ გაკეთების დროს კი ბავშვს ფერი დაეკარგა, ტუჩები გაუთეთრდა. როცა ექთნის მისამართით მიზეზით დაინტერესდა, ექთანმა უპასუხა, რომ შესაძლებელია ჰორმონების გაკეთების გამო მოხდაო.
მოგვიანებით, ბავშვს სისხლის ანალიზი გაუკეთეს, რომლის პასუხებიც დილით უნდა ყოფილიყო მზად. დილამდე კი წიქორიძემ შვილთან ერთად სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.
როგორც იგი ამბობს, ექიმმა ბავშვის სახლში გაშვებაზე სასტიკი უარი განაცხადა და ანალიზების პასუხებზე დაყრდნობით ბავშვს სრული ანემია, სისხლის გათეთრება დაუდგინდა.
მისივე თქმით, ანალიზების პასუხებს თავიდანვე არ ენდო და ანალიზების ხელმეორედ ჩატარება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
„ორი თვის წინ გავუკეთე ბავშვს ანალიზები, ჰემოგლობინი 72-ზე ჰქონდა და ასე მალე რა მოუვიდოდა?როგორ შეიძლება ბავშვს ჰემოგლობინი ასე მალე დაუვარდეს, 72-დან 48-მდე?! მინიმუმ ერთი წელი მაინც უნდა ყოფილიყო ბავშვი მშიერი, ასეთი მკვეთრი ცვლილებები რომ დაფიქსირდეს. ბავშვი ჟვანიას კლინიკიდან იმ კლინიკაში წავიყვანე, სადაც სულ დამყავს. ხელახლა ჩავუტარეთ ანალიზები და ყველაფერი ნორმაში აღმოაჩნდა. იმ კლინიკაში, სადაც ჟვანიადან მივედი, კიდევ 3 ბავშვი მოიყვანეს, იგივე სიმპტომები აღენიშნებოდათ, იმათაც აბსოლუტური ცდომილება ჰქონდათ ანალიზებში.
შეიძლება ჟვანიას კლინიკას მოძველებული ლაბორატორია აქვს, განახლებას საჭიროებს, მაგრამ მე რა დავაშავე. ნიტა ახლა კარგადაა, საშიში არაფერია“,- აცხადებს თამარ წიქორიძე და სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.