კულუარული ინფორმაციები ფეხბურთის ფედერაციიდან – “ზვიად სიჭინავას დაიჭერენ”?

ზვიად სიჭინავას დაიჭერენ? – ამ სათაურით გაზეთი “ალია“, ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენებისა და ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად (დომენტი) სიჭინავს შესახებ სკანდალურ მასალას აქვეყნებს.

როგორც წყარო აცხადებს, ზვიად სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტად 2009 წელს, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლობირებით, “ფულის საკეთებლად“ დაინიშნა. გამოცემასთან ინკოგნიტო წყარო ბარსელონა-სევილიის მატჩზე დასასწრები ბილეთების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზეც ყვება.

როგორც “ალიას“ ინკოგნიტო წყარო უყვება, ზვიად სიჭინავა საქართველოში ფაქტობრივად 2009 წელს გადმობარგდა. ის 3 თვე სასტუმროში ცხოვრობდა.

“დიახ, დაბრუნების შემდეგ მის ანგარიშზე უკვე იყო 5 მილიონი დოლარი. 2009 წელს ის სააკაშვილის ლობირებით დაინიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და ფულის საკეთებლად. რაც შეეხება სუპერთასის საფინალო შეხვედრას. სიჭინავას ჰქონდა საუბარი მიშელ პლატინთან, რომელმაც ურჩია, რომ ლოჟის ბილეთები 1800 დოლარად გაეყიდა. ასეთი ბილეთები იყიდება პირადობის მოწმობის გარეშე, ფეხბურთის ფედერაციის შეხედულებისამებრ. ამაზე სიჭიავამ უთხრა, ქართველი ხალხი ამხელა თანხას ვერ გადაიხდისო. პლატინმა უპასუხა, მაშინ თვითონ გადაწყვიტეთ, ვის მისცემთ ამ ბილეთებსო. ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის განკარგულებაში 12 ათას 700 ბილეთი, მათ შორის 2 ათას 700 დააბრუნა “სევილიას“ ხელმძღვანელობამ, მათ ვერ მოახერხეს გაყიდვა. ეს ბილეთები უნდა გაყიდოს პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე“,-აცხადებს წყარო “ალიასთან“ საუბარში.
მისივე ინფორმაციით, სიჭინავა ასევე იმყოფებოდა “რუსთავი 2“-ში, ვინაიდან ბოლო პერიოდში ეს ტელეკომპანია უარყოფით კონტექსტში აშუქებდა ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას, 100 ბილეთი საჩუქრად მიუტანა. წყაროს ამბობს, რომ ამის შემდეგ, “რუსთავი2“-მა ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადააბრალა. “ამის შემდეგ “რუსთავი2“-მა ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადააბრალა. სიჭინავამ უკვე მოახერხა ლოჟის ბილეთები მიეყიდა “ვი-თი-ბი ბანკის“ ხელმძღვანელისთვის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებისთვის. საბოლოო ჯამში, გაყიდული ადგილების შემოსავალმა 200 ათასი დოლარი შეადგინა. ფედერაციიდან გამოტანილი თითო ბილეთი შავ ბაზარზე 2 ათას ლარად იყიდება. ასე, რომ, როგორც ჩანს, ამჯერად საქმე გვაქვს “ნაციონალურ“ მაფიასთან, მეტიც, რამდენიმე თვეში ფედერაციაში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, უკვე მოილაპარაკეს, რომ სიჭინავა წარადგენს რეზო არველაძის კანდიდატურას, ეცდება, მოძებნოს მომხრეები და მისი გაყვანის შემთხვევაში, ძველებურად გააგრძელებენ ფულის კეთებას“,- აცხადებს ინკოგნიტო წყარო. იგივე წყაროს თქმით, “ქართველების ცოდვა ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის ინა გუდავაძის კისერზეა“.
“მან ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისის ცირკი ამოქმედდებოდა და დირექტორად ზვიად სიჭინავა დაინიშნებოდა. როგორც ჩანს, მოლაპარაკება ვერ შედგა, გამოცდილმა “ცირკაჩმა“ ახლ თანამდებობაზე უარი თქვა და სათავისოდ სწორადაც მოიქცა, იქ ამდენ ფულს ვერ გააკეთებდა. სხვათა შორის ,საფეხბურთო წრეებში ერთ ნამდვილ ანეკდოტს ყვებიან: სიჭინავას ფედერაციაში პრესკონფერენცია ჰქონია, ვიღაც ტიპი ამდგრა და უკითხავს – გეცნობიო? – იმან – არაო. საიდან უნდა გეცნობოდე, ცირკში მე არ დავდივარ და სტადიონზე შენ არ მინახიხარო. 2013 წელს სიჭინავამ თავად აღიარა ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, თითქმის ყველა პროფესია “მოვზომეო“. თუ ყველა პროფესია ასე მოიზომა, როგორც ქართველი ფეხბურთის შეფობა და ასეთი შედეგები აჩვენა, ყოჩაღ, ჯილდოდ იხვის ტოლმა ნამდვილად ეკუთვნის. როგორც ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს “ალიასთან“, დღეს მინიმუმ ათი კაცია დასაჭერი და გასაციმბირებელი ფეხბურთში დატრიალებული ამბების გამო.
„დომენტი დუროვას ცირკის დირექტორი იყო, იმასაც ამბობენ, ებრაელი გადააგდო რუსეთშიო. ეს კაცი ძალით გაათრიეს პრეზიდენტად, მიდიოდა ჩალიჩი ყველა დონეზე. ფაქტობრივად არჩევნებში გამარჯვებული გიორგი ნემსაძე გააძევეს. სამწუხაროა, რომ ამის გამო არავინ დაისაჯა. ამ საქმეში ახალაიებიც იყვნენ ჩართულები და დავით კირკიტაძეც. სანამ სიჭინავას მოიყვანდნენ, 30 მილიონი დოლარი უმცროს ნოდარ ახალკაცს ჩააყარეს, მაგრამ რა გამოვიდა? მხოლოდ ფული აკეთეს ვიღაცებმა, ეს საქმეც გამოსაძიებელია“, -წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები