თინათინ ხიდაშელი: გარდაცვლილი სამხედროების დედებს რეგულარულად შევხვდები

თქვენ გმირები გაზარდეთ და განსაკუთრებული ყურადღება გჭირდებათ, – ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გარდაცვლილი სამხედროების დედებს და დასძინა, რომ მისი ერთ-ერთი მრჩეველი მაია ქავთარაძე, სწორედ, მათი ყველა პრობლემის დეტალურად შესასწავლად დანიშნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს სახელმწიფოსგან თანაბარ მიდგომას დაჰპირდა.

„თუ ვერ ვახერხებთ, სამი ბინა ვაჩუქოთ ყველას, არ ვაჩუქებთ არც ერთს, ვინმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერ იქნება“, – განმარტა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრმა ფინანსური დახმარების კუთხით, პრიორიტეტად, გმირების ოჯახების წევრთა განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება დაასახელა.

ქუჩების, სკვერებისა და სკოლებისთვის გარდაცვლილი სამხედროების სახელების მინიჭება, სოციალური პროგრამები და დაღუპულთა ოჯახების კომპენსაცია – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ კითხვები შეხვდრაზე ღიად დაისვა.

„ვაპირებთ, რეგულარულად შევხვდეთ გარდაცვლილი სამხედროების დედებს. ამ ადამიანებმა გმირები გაზარდეს და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ეს შეხვედრამაც კარგად აჩვენა. სურთ, მათი შვილების სახელები იყოს მემორიალზე, დაერქვას ქუჩებს. ყველას უნდა მივაგოთ სათანადო პატივი საკუთარ სოფელში, საკუთარ ქალაქში და მათი სახელი უკვდავყოთ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრი გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების სხვა პრობლემებსაც იკვლევს და მთავრობასთან ერთად მათ მოგვარებაზე იზრუნებს. დღეს მოსმენილ პრობლემებზე პირველადი შედეგების შესახებ კი, ოქტომბერში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს.

გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებისთვის პრობლემური საკითხების დროულად მოგვარებაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც გაამახვილა ყურადღება.

ანა დოლიძის აზრით, ყველა გმირი სათანადოდ რომ დაფასდეს, ბევრი რამ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და მეტად უნდა გაქტიურდნენ მუნიციპალიტეტებიც.

„დაღუპული მშობლები და ოჯახები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სახელმწიფომ სათანადოდ სცეს მათ პატივი. საჭიროა მუნიციპალიტეტებმა აქტიურად იმუშაონ და პრიორიტეტებად მიიჩნიონ ადამიანები, რომელთა შესახებ მეხსიერებაც ჩვენმა სახელმწიფომ სამუდამოდ უნდა შეინარჩუნოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების დედებსა და ოჯახის წევრებს თავდაცვის სამინისტროში შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები