„ლაშა რუსტავსკიმ“ საბერძნეთში „კანონიერი ქურდების“ კოალიცია შექმნა

საბერძნეთში ე.წ. კანონიერი ქურდების ძლიერი კოალიცია შეიქმნა, რომელიც „№1 ქურდის“ ზაქარია კალაშოვის, მეტსახელად „შაქრო მალადოის“ ქმედებებს არ იზიარებს.
ამის შესახებ გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ იუწყება.
როგორც ირკვევა, ე.წ. კოალიციის წევრები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ კალაშოვმა ნეიტრალიტეტი დაარღვია, რომელსაც ის აქამდე ქურდული კლანების კონფლიქტში ინარჩუნებდა. მან ერთ-ერთი მხარის პოზიცია დაიკავა, რითიც ფაქტობრივად არბიტრის სტატუსი დაკარგა. ეს სტატუსი კი მას განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ანიჭებდა. ახლა კი განცალკევებული, მოსკოვის ქურდებთან დაპირისპირებული ქურდული კლანების გაერთიანება რამდენიმე დღის წინ ციხიდან გათავისუფლებულმა „კანონიერმა ქურდმა“ ლაშა შუშანაშვილმა შეძლო. ახლა ის თავის „ქურდულ ოპონენტებთან“ დაპირისპირებაში ძალების მოსინჯვას გეგმავს.
„ცენტრალური ოფისის“ ხელმძღვანელად, როგორც მოსკოვს უწოდებენ, კალაშოვის ყოფნის პერიოდში მისი პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი გაიზარდა. ბევრი არ ელოდა, რომ „შაქრო მალადოი“ „დედ ჰასანის“ კურსს არ გააგრძელებს, რომელიც სხვაგვარად მოაზროვნეებს ქურდულ სამყაროში მიუღებელი მეთოდებით იცილებდა. კალაშოვმა კი ზოგიერთი ისეთი პირის მიმართ არ დამალა სიმპათია, რომლებსაც ჰასანმა განაჩენი გამოუტანა. ამის შედეგად „დედ ჰასანის“ ბევრი მარიონეტი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა და პირადად მოუწიათ პასუხისგება. კალაშოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიზარდა მისი ნათესავების – ოზმანოვების გავლენაც, კერძოდ, დათო კრასნოდარსკის ამბიციები, რომელიც მხოლოდ კუბანის რეგიონით შემოფარგვლას არ აპირებს.
ასევე შაქროს პოლიტიკით უკმაყოფილება გამოიწვია მისი მხრიდან კახა ფარფალიას მფარველობამ. თურქეთში როლანდის ცემის გამო ფარფალიაზე სერიოზულად არიან განაწყენებულები „კანონიერი ქურდები“: „რობინზონი“ და „გია დლინნი“.
ასევე „შაქრო მალადოიმ“ სერიოზულად განაწყო თავის წინააღმდეგ „საბერძნეთის ფილიალი“, როდესაც საკმაოდ ცივად გაესაუბრა მის ლიდერებს – დათო სებისკვერაძეს და ვაჟა ბიგანიშვილს.
ამ „თანამეგობრობას“ უკვე შეუერთდნენ: მერაბ მზარელუა, ასევე ჯანგველაძე „ბადრი“ და „ტახი“. შესაძლებელია ამ კომპანიაში „დედ ჰასანის“ კიდევ ერთი „მეისრის“ – გელა ქარდავას გამოჩენა, თუმცა ეს ამ ეტაპზე გარანტირებული არ არის.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს შემადგენლობა ბოლო წლებია „კანონიერი ქურდების“ წოდებებს ყველა მსურველს ანიჭებდა, ვინც კი მათ მხარს დაუჭერდა, ლაშას გარშემო შეკრებილი შაქროს მოწინააღმდეგეთა რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები