ვახტანგ გომელაური რუსთავში სასჯელაღსრულების N16 დაწესებულების გახსნას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთავში სასჯელაღსრულების N16 დაწესებულების გახსნას დაესწრო.
სასჯელაღსრულების დაბალი რისკის N16 დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ძირეული რეფორმების გატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდენ აშშ-ს ვისკონსინის შტატის წარმომადგენლები და ევროკავშირის ელჩი, რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ წარმატებებსა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში №16 დაწესებულების თანამშრომლებმა ვისკონსინის შტატში სწავლება გაიარეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს დაეთმო.
1048 მსჯავრდებულზე გათვლილ დაწესებულებაში რეკონსტრუქციის შედეგად, გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც მოეწყო დასასვენებელი ჰოლები, საშხაპეები, სამრეცხაო-საშრობები. ყველა სართულის ფლიგელში განთავსებულია სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები. იატაკი მოპირკეთდა სპეციალური საფარით, რომელიც ზამთარში სითბოს და სიმშრალეს ინარჩუნებს. დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა, განათება, წყალ-კანალიზაცია. საცხოვრებელის პარალელურად, აშენდა მულტიფუნქციური შენობა, რომლის პირველ სართულზეც განთავსდა სასადილო, ხოლო მეორე და მესამე სართულზე – ბიბლიოთეკა, საკლასო და კომპიუტერული კაბინეტები, აუდიტორიები, სოციალური პროგრამებისთვის საჭირო სივრცეები.
ინფრასტრუქტურა მოეწყო მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს. ხანგრძლივი პაემნებისთვის მოეწყო 20 ოროთახიანი სივრცე შესაბამისი ავეჯითა და სველი წერტილებით. ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი ღია მოედნები და სპორტდარბაზი. დაბალი რისკის დაწესებულების ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს საწარმოო ზონაც, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებიან და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.