ირაკლი ღარიბაშვილი: ნავთობკომპანიები “არ უნდა დაიძაბონ”
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნავთობკომპანიების დაჯარიმება აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და კომპანიები “არ უნდა დაიძაბონ”.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა კვლევა და გუშინ პირველი შედეგები ვიხილეთ.
“ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია. მე არ მინდა, რომ კომპანიები დაიძაბონ, პირიქით, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქეები, მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას კომპანიის ინტერესები, მაგრამ უნდა წახალისდეს ჯანსაღი კონკურენცია. “ეს იყო და არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მიმაჩნია, რომ ეს არის გამჭვირვალე პროცესი. თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე პრეტენზია და დავა, ეს გაგრძელდება სასამართლოში, მთავრობა არ ერევა ამ პროცესებში, ეს არის კონკურენციის სააგენტოს დისკრეცია და აღნიშნული გადაწყვეტილებაც მათ მიიღეს”, – განაცხადა პრემიერმა.
ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. შედეგად, კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმა დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით.
უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკურ აგენტებს დააკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით – “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” – 14 381 385 ლარი, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” – 11 267 384 ლარი, “რომპეტროლ საქართველო”- 10 845 806 ლარი, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 10 426 393 ლარი, “ლუკოილ-ჯორჯია” – 4 740 260, “L ოილი” – 1 209 890 ლარი, ასევე 200-200 ლარით დაჯარიმდნენ – შპს “აარონი”, “პარტნიორი ბათუმი”, “ტრანს სერვისი”, “ენ სერვისი”, “დიდუბე 2009″, ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს “MG”, “აჭარა პარტნიორი”, “პარტნიორი 2010″, “პარტნიორი”, “ჯი პლიუსი”, შპს “T4″, “რომ კომპანი” , შპს “გიგო”, “ნორექსი”, “სტ ოილი”, “საბ პერტოლი”, “ლ&მ”, “ქსილისი”, “იბერკომპანი პეტროლიუმი”, “ჯეო სერვისი”, “ბრენდ ოილი”.