დავით ნარმანიამ მოსკოვის გამზირზე მშენებარე ბაგა-ბაღი მოინახულა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამგორის გამგებელთან მამუკა ჩოქურთან და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან თემურ თორდინავასთან ერთად, მოსკოვის გამზირზე მშენებარე ბაგა-ბაღი მოინახულა.

თბილისის მერის განცხადებით, ეს ერთ-ერთი პირველი საბავშვო ბაღია, რომლის მშენებლობაც მერიის ახალი ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო.

6 000 კვადრატული მიწის ფართობზე უკვე დასრულებულია ორსართულიანი შენობის მშენებლობა. ამ დროისათვის შენობის შიდა სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

„გასული წლის შემოდგომაზე, როგორც კი მერი გავხდი და სექტემბერში მოსახლეობას შევხვდი, დავპირდი, რომ გვექნებოდა ახალი საბავშვო ბაღი და ვასრულებთ ამ დანაპირებს. სექტემბერში დასრულდება მშენებლობა და ეს იქნება ყველაზე დიდი საბავშვო ბაღი, რომელსაც ავაშენებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებით, ახალ საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა 15-მდე ჯგუფი შეიქმნება.

„მთლიანობაში, ბაგა-ბაღი 500-მდე ბავშვისთვის სკოლამდელი განათლების მიცემას შეძლებს. ახალ საბავშვო ბაღში 70-მდე ადამიანი დასაქმდება“, – განაცხადა თემურ თორდინავამ.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ აწარმოებს. ბაღის მშენებლობაზე თბილისის ბიუჯეტიდან 2 398 000 ლარი გამოიყო.

თბილისში წლის ბოლომდე კიდევ სამი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შევა ექსლოატაციაში. გარდა ამისა, ფუნქციონირებას განაახლებს წლების წინ დახურული ჩუღურეთის №132 და ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღები.

გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია ნაძალადევში, №56 საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელიც სექტემბრიდან 300-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები