დავით ნარმანია სტიქიის ზონაში მსოფლიო ბანკისა და UNDP – ის მიერ მომზადებულ მონაცემებს გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია, გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტების მონაწილეობით, სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების შესახებ მომზადებულ პირველად მონაცემებს გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტების მიერ შემუშავდა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კატასტროფათა რისკის შესამცირებლად.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში დონორი ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთონ.

„ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ დონორი ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, ვინაიდან მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის გრძელვადიანი, უსაფრთხო მართვა საკმაოდ მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს და სწორედ ამიტომაც მათი ჩართვა აუცილებელია. გამოცდილება, რაც ამ ორგანიზაციებს აქვთ, ადგილობრივ ექსპერტებთან კომუნიკაციისა და მათთან კონსულტაციების საფუძველზე აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული, რათა აქ წარმოდგენილი ამოცანები განხორციელდეს. სამინისტროებმა საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს დოკუმენტის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით საბოლოო დოკუმენტი თვის ბოლომდე გადმოეცემა თბილისის მერიას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის შომბი შარპის განცხადებით, დოკუმენტის მომზადების მთავარი მიზანი იმ საჭიროებების შეფასება იყო, რომელიც 13 ივნისის სტიქიას მოჰყვა.

პირველადი მონაცემების მომზადებისას მსოფლიო ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები გამოიყენა, მასში აქტიური მონაწილეობა თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა მიიღეს.

რაც შეეხება რეკომენდაციებისა და შეფასებების შესახებ საბოლოო დოკუმენტს, რომელიც სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, თვის ბოლოსთვის მომზადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები