სერგეი ბეზრუკოვის თბილისში დაგეგმილი სპექტაკლი გაუქმებულია

  რუსი მსახიობის სერგეი ბეზრუკოვის თბილისში დაგეგმილი სპექტაკლი ყირიმში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გამო გაუქმებულია,- ამ ინფორმაციას საქართველოს კულტურის პალატა ავრცელებს. “საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მაისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები თბილისში. კიდევ ერთხელ გვინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ მეგობარ გმირ უკრაინელ ხალხს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის კულტურის მოღვაწეები უკრაინის, კერძოდ, ყირიმის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციას მხარდაჭერას უცხადებენ. ხელოვანების მხარდამჭერი განცხადება რუსეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. “საქართველოში არასოდეს არც ერთ მსახიობს არ ჩამოვიყვან, ვინც ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ქვეყნის წინაშე, ნებისმიერი ფორმით. ეს იგივეა, რომ მხარი დაუჭირონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას”, – აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.
მხარდამჭერ განცხადებას 86 ხელოვანი აწერს ხელს. მათ შორის არიან: რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი, რუსეთის სახალხო არტისტი, ბალერონი ნიკა ცისკარიძე, ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები