დასტინ ჰოფმანი – თანამედროვე კინო ნამდვილი საშინელებაა
ჰოლივუდის ვარსკვლავი, ორი „ოსკარის“ მფლობელი დასტინ ჰოფმანი ამბობს, რომ თანამედროვე კინო 50-წლიანი კინოკარიერის განმავლობაში ყველაზე საშინელია. „ინდეფენდენტის“ ცნობით, 77 წლის მსახიობი ამბობს, რომ ამ დარგს სიხარბე ღუპავს, ვინაიდან კინოინდუსტრია მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული, ასევე – რეჟისორული ნამუშევრის როლის შემცირება კომპიუტერული ტექნოლოგიების სულ უფრო აქტიური გამოყენების გამო.
ჰოფმანის თქმით, თანამედროვე რეჟისორებს კინოფილმის გადაღება სამ კვირაში, ან, ზოგჯერ, უფრო მცირე დროში უწევთ. „ჩვენ კი, როდესაც ფილმ „კურსდამთავრებულს“ ვიღებდით, ეს იყო პატარა ფილმი – ერთ ოთახში გადაღებული, მაგრამ გადაღება 100 დღეს გრძელდებოდა“, – ამბობს ჰოფმანი. ამასთანავე, დასტინ ჰოფმანმა თანამედროვე ტელევიზია შეაქო და აღნიშნა, რომ ის ისეთი საინტერესოა, როგორიც არასოდეს ყოფილა.