სასჯელაღსრულების სამინისტრო ქალთა ციხეში გამოვლენილ ფაქტებს შეურაცხმყოფელ ქმედებად არ აღიქვამს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ქალთა №5 დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოვლენილ დარღვევებს, ღირსების შემლახველ და შეურაცხმყოფელ ქმედებად არ აღიქვამს, რადგან როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, სასჯელაღსრულების მინისტრის 2011 წლის 97-ე ბრძანებულების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლები მოქმედებენ კანონის შესაბამისად.
“97-ე ბრძანებულების 32-ე და 34-ე მუხლების შესაბამისად, რომელიც ბრალდებულის შემოწმებას ითვალისწინებს, წერია, რომ:
1. დაწესებულების დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, ბრალდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს იგივე სქესის პირი.
2. ადმინისტრაცია ვალდებულია, შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პატიმრობის დაწესებულებაში ან გადიან იქიდან.
3. ბრალდებულისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია (დებულების დანართი №1), აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნიან ბრალდებულს, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.
4. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც: ა) წარმოადგენგენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის; ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად ან დაპატიმრების მიზნების საწინააღმდეგოდ; გ) არ არიან გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს უფლება აქვს, ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში (დებულების დანართი № 2); დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმელის, ტანსაცმელისა და სხვა სამრეწველო პროდუქტებისა დადგენილ ოდენობას.
5. პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.
6. არასრული შემოწმება ტარდება ბრალდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენის შემდეგ, აგრეთვე ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ, სხვა საკანში გადაყვანისას და სხვა შემთხვევებში. არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე.
7. არასრული შემოწმებისას აკრძალული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების ამოღების თაობაზე დგება პატაკი.
8. სრულ შემოწმებას ბრალდებული ექვემდებარება: ა) დაწესებულებაში მიღებისას; ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას; გ) სამარტოო საკანში მოთავსებისას; დ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას; ე) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის/დაბრუნებისას; ვ) სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის და შესაბამისი მოსამსახურეების მითითებით.
9. სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას ბრალდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულს დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პრრდუქტები, რომელთა ქონისა და შენახვის უფლებაც ამ დებულებით დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში მათ გააჩნიათ. ბრალდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საკნის ბარათში. დანარჩენი ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შეინახება ან ნადგურდება დაწესებულების დირექტორის მოტივირებული ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
10. ბრალდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. სრული შემოწმება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის შესაბამისმა პირმა. ამ დროს დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა.
11. ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის თანდასწრებით მისი დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან გაგზავნისას, სხვა საკანში, სამედიცინო სტაციონარში ან სამარტოო საკანში გადაყვანისას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის მოტივირებული ბრძანებით, ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის დასწრების გარეშე. ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, ოქმის გაცნობას ხელს აწერს ბრალდებული.
12. სრული პირადი შემოწმების ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც თან ერთვის აქტი ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების ამოღების თაობაზე. სრული შემოწმებისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას შედგება ერთი ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული და დაწესებულების მოსამსახურე, რომელიც აწარმოებდა შემოწმებას. ბრალდებულის უარი და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი და აქტი დაერთვის ბრალდებულის პირად საქმეს. სრული პირადი შემოწმების ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.
13. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას”, – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის აპარატმა ქალთა N5 დაწესებულებაში პატიმრებს გაშიშვლებას და ბუქნების შესრულების ფაქტები გაასაჯაროვა.
ქალთა N5 დაწესებულებაში შემოწმებისას პატიმრებს გაშიშვლებას და ბუქნების შესრულებას აიძულებენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ქალთა N5 დაწესებულებაში პატიმართა მიღების დროს მათი შემოწმების პროცედურა ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელია.
მისივე თქმით, აღნიშნული სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს დაფიქსირდა.
„ეს არის ფაქტი, რომელიც მონიტორინგის დროს იქნა დაფიქსირებული. შესაბამისად, ჩვენ ამ პრაქტიკის აკრძალვას ვითხოვთ. ეს რეალურად, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი მოპყრობაა, როდესაც საპყრობილეში შესვლის დროს, პატიმრებს გაშიშვლებას და ბუქნების შესრულებას აიძულებენ. ეს დაუშვებელია“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. „ეს ყველაზე საგანგაშო ფაქტი იყო. პირობებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები ნაკლებად ფიქსირდება. მდგომარეობა ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებულიც არის, მაგრამ ეს კონკრეტული ფაქტია, რომლის იდენტიფიცირება ჩვენ მოვახდინეთ“, – განაცხადა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ აქვს იმედი, მსგავსი პრაქტიკა საპატიმრო დაწესებულებაში არასდროს განმეორდება. ომბუდსმენის რეკომენდაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს, რათა დაწესებულებაში მიღების დროს, პატიმრის შემოწმება მისი ღირსების შელახვის გარეშე მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები