რუსმა ტელეწამყვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
რუსული ტელეკომპანია “МИР“-ის წამყვანმა ედუარდ მარკოვმა თავი მოიკლა. წამყვანის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, მისივე სახლის ფანჯრებთან აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია, თუმცა მის სახლში სამართალდამცველებმა სპირტიანი სასმელის ბოთლი აღმოაჩინეს. მათივე თქმით, შესაძლოა, ტელეწამყვანი სახლში მარტო არ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, იგი მე-11 სართულიდან გადახტა. დანაშაულის პირველადი დათვალიერების შედეგად, ბინაში ძალადობის კვალი არ არის. მის საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია მარცხენა ხელისა და ფეხის ნაკვალევი, რომელიც თავად გარდაცვლილს ეკუთვნის. თვითმკვლელობამდე დაწერილი არანაირი წერილი ბინაში არ აღმოუჩენიათ. ამჟამად მიმდინარეობს მისი მეგობრებისა და ახლობლების დაკითხვა. ვერც ერთი მათგანი თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზს ვერ ასახელებს. რუსული მედიასაშუალებები გარდაცვალების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ჟურნალისტი გარდაცვალების მომენტისთვის სახლში მარტო არ იმყოფებოდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მარკოვი მასთან სახლში მისულ მეგობარს ეჩხუბა და სააბაზანო ოთახში ჩაიკეტა. სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან კი სწორედ მაშინ გადახტა, როცა მისი მეგობარი ოთახის კარის შემტვრევას ცდილობდა.