შეხვედრა მწერალ ნაირა გელაშვილთან
შეხვედრები ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“ გრძელდება. ეს მწერალთა სახლისა და “თი-ბი-სი“ ბანკის ერთობლივი პროექტია, რომელიც 10 თვე გაგრძელდება. მის ფარგლებში მწერალთა სახლში, თვეში ერთხელ, მკითხველები ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 გამარჯვებულებს შეხვდებიან. 12 მარტს, 19 საათზე, მწერალთა სახლში ამ ციკლის მესამე შეხვედრა მწერალ ნაირა გელაშვილთან გაიმართება. ნაირა გელაშვილი 6 რომანის, 2 პროზაული და 2 პოეტური კრებულის ავტორია. მისი რომანი „მე ის ვარ“ 2013 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ წლის საუკეთესო რომანის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ეს მწერლის მეორე „საბაა“ . 2010 წელს მისმა რომანმა „პირველი ორი წრე“ ამავე ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. შეხვედრას მოდერირებას პოეტი და მთარგმნელი, „საბას“ ორგზის ლაურეატი, ირანისტი გიორგი ლობჟანიძე გაუწევს. მკითხველს საშუალება ექნება, ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია. ყოველი შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, გაიმართება დისკუსია, რომელიც ჩვენში და უცხოეთში მიმდინარე ლიტერატურასა და ლიტერატურულ პროცესებს შეეხება.