საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხზე მსჯელობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილის კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების – “ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ 50 გრ მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული სასჯელი, 7-დან 14 წლამდე პატიმრობა შეუსაბამოდ მაღალია. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე ბექა წიქარიშვილის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ კანონმდებლობა ორიენტირებულია არა ნარკოპოლიტიკის გამოსწორებაზე, არამედ – ტოტალური შიშის დათესვაზე. მენაბდე ფიქრობს, რომ სადავო ნორმა არღვევს ადამიანის ღირსებას.
“ვფიქრობთ, რომ მარიხუანაზე, კონკრეტულად ამ შემთხვევაში მსუბუქ ნარკოტიკზე არ უნდა იყოს 7-დან 14 წლამდე სასჯელი, ვინაიდან, ეს წარმოადგენს ადამიანის ღირსების შელახვას და მისი მიზანია არა კონკრეტული საფრთხის შემცვლელი ქმედების გამო ადამიანის პასუხისმგებლობის დაკისრება, არამედე შიშის დათესვა საზოგადოებაში. ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკა მსუბუქ ნარკოტიკებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მძიმე და ღირსებისშემლახავი იმ ადამიანებისთვის, ვინც ექცევა ამ პროცესში”, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.
“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით კი, ზემოაღნიშნული ქმედებები, ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი არაგონივრულად მაღალია, მოცემული დანაშაულისთვის განსაზღვრული სანქცია უთანაბრდება ისეთ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა და გაუპატიურება; შესაბამისად, იგი წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ამ კონკრეტული დანაშულისთვის”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები