საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, IBTM World 2025-ის ფარგლებში, საქართველოში მსხვილი ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვისა და მარკეტინგული კამპანიების ჩატარების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიების, ავიაკომპანიებისა და მსხვილი ღონისძიებების MICE-მენეჯერებთან შეხვედრები გამართა.

ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან წარმოდგენილი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში საქმიანი ტურისტულ მიმართულების პოპულარიზაციას, სამიზნე ქვეყნებში პრეზენტაციებისა და „როუდშოუების“ დაგეგმვის შესაძლებლობებს.

გამოფენას დაესწრო ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია.

„ჩვენ შევხვდით მსხვილ კომპანიებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ბიზნეს-ღონისძიებებს. ეს გამოფენა ორიენტირებულია ბიზნეს-ტურიზმის განვითარებაზე. როგორც იცით, ვმართავთ კამპანიებს, რომლის ფარგლებში ვცდილობთ საქართველოში ბევრად მეტი ბიზნეს-მოგზაური ჩამოვიყვანოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოზიციონირებას მთელ მსოფლიოში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად IBTM World 2025-ზე ბიუროს წევრი 9 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც.

„ბარსელონას საქმიანი ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოფენაა ევროპაში. აქ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ ქვეყნისთვის, ასევე ცალკეული კომპანიებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ ტურიზმის სფეროში. დაინტერესება საქართველოს მიმართ გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს უახლოეს მომავალში“, – აცხადებს Visit Georgia-ს წარმომადგენელი ლექსო მამულაშვილი.

„როდესაც ახალ მიმართულებებსა და შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, საქართველო ხელსაყრელია ბიზნეს-ღონისძიებებისთვის და ვფიქრობ, ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს გადაიქცეს საქმიანი ტურიზმის ცენტრად, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიების გამართვა. ამას ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული ადგილები, გასტრონომია, გამარტივებული სავიზო რეჟიმი – ყოველივე ეს ამარტივებს როგორც მოგზაურებისთვის, ასევე მსხვილი ჯგუფებისთვის, 300-დან 500 ადამიანამდე, რომ ეწვიონ საქართველოს, რადგან საქართველო იდეალური დანიშნულების ადგილია ბიზნეს-ღონისძიებებისთვის“, – აღნიშნა Vive Bespoke Event-ის დამფუძნებელმა ვიშეშ მანჰანმა.

IBTM World 2025-ზე წარმოდგენილია 150 ქვეყნის 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო გამოფენის სტუმრთა რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები