კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეები სასამართლოს თავმჯდომარეებს თავად აირჩევენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი წარადგინა. ცვლილებები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის უფრო მყარ გარანტიებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევისას დაეყრდნობა ორ ძირითად კრიტერიუმს − კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას. დადგინდება მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე სანდო ინფორმაციის მოძიების წესი და განისაზღვრება ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები; მოსამართლეობის ყველა კანდიდატისთვის თანამდებობაზე კონკურსის წესით განწესებისას შეიქმნება სამართლიანი და თანაბარი პირობები.

მოსამართლეობის კანდიდატებს უფლება ექნებათ, გაასაჩივრონ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება; მოსამართლეები თავად აირჩევენ სასამართლოს თავმჯდომარეებს; სასამართლოთა თავმჯდომარეებს შეეზღუდებათ ადმინისტრაციული ფუნქციები − თავმჯდომარე საერთო ზედამხედველობას გაუწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს აპარატის უშუალო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას კი განახორციელებს სასამართლოს მენეჯერი; სასამართლოთა თავმჯდომარეები ვალდებული იქნებიან, პირადად განიხილონ საქმეები; ყველა სასამართლოში სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი გაუქმდება (გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა); შეიცვლება საქმეების გადანაწილების წესი − მოსამართლეებს საქმეები ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვით დაეწერებათ, რაც მთლიანად გამორიცხავს საქმეების განაწილებისას კორუფციის რისკს; დაცული იქნება მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი − აიკრძალება მისი თანხმობის გარეშე მისთვის პოზიციის შეცვლა ან თვითნებურად მივლინებაში გაგზავნა; სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება.

ეს უფლება ენიჭება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს (გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა). სიახლე უფრო მეტად უზრუნველყოფს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში განხორციელებული ქმედებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს კოლეგიური ორგანო − იუსტიციის უმაღლესი საბჭო; მოსამართლეს უფლება ექნება, სურვილის შემთხვევაში, გაასაჯაროოს მის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმისწარმოება, რაც დამატებით გარანტიას ქმნის მოსამართლის უფლებების დაცვისათვის; კანონით განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა. დღესდღეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა კანონით არ არის დარეგულირებული და ამას განსაზღვრავს პლენუმი, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციონალიზმისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს; უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭო − მას ეკისრება ვალდებულება, საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე. დამოუკიდებელი საბჭო ვალდებული იქნება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სხდომის თაობაზე ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება სხდომის ოქმთან ერთად − სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე სავალდებულო იქნება, ასევე, სკოლაში მისაღები მსმენელების რაოდენობისა და მისაღები კონკურსის შესახებ ინფორმაციის განთავსება; იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნება სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ზედამხედველობას გაუწევს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებას და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ხოლო, მეორე მხრივ, შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებებს, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; გაიზრდება უზენაესი სასამართლოს როლი მართლმსაჯულების პროცესში. ფართოვდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან მიმართებაში; თუმცა, შენარჩუნებულია ის მიდგომა, რომ უზენაესი სასამართლო მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებს განიხილავს.

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს დაიწყო. მართლმსაჯულების რეფორმის პაკეტი დადებითადაა შეფასებული, ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და მოსაზრებების დიდი ნაწილი კი გაზიარებულ იქნა საბოლოო რედაქციაში.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩართულნი იყვნენ სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და სხვა დაინტერესებული წრეების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები