ოლიმპიური მზადების ცენტრში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მოხალისეები, სპორტსმენები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ცენტრში დილიდან მუშაობენ.
ამ დროისთვის შენობის პირველ სართულზე განლაგებული სავარჯიშო დარბაზებიდან დაზიანებული ინვენტარი უკვე გატანილია.
ცენტრში იმყოფებიან განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები. სპორტული პროგრამების განყოფილების უფროსის გეგა ზურაბაშვილის განცხადებით ცენტრში სამუშაოები გუშინ დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს.
„გუშინაც და დღესაც აქტიურად ვმუშაობთ. ცენტრში ორი დარბაზია და ორივე დაიტბორა. დილიდან მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე გვეხმარებიან მოხალისეები, სტუდენტები, სპორტსმენები. ერთად ვცდილობთ საკუთარი ძალებით დავასუფთავოთ ცენტრი“, – განაცხადა გეგა ზურაბაშვილმა.
ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრის სარდაფი და პირველი სართულზე განლაგებული სავარჯიშო დარბაზები 13 ივნისს სტიქიის შედეგად მთლიანად დაიტბორა.