“ალდაგი” დაღუპული მაშველის – ზურაბ მუზაშვილის ოჯახს 5 000 ლარით დაეხმარება
სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს უმოკლეს ვადებში სრულად აუნაზღაურებს. ამის შესახებ “კვირას“ სადაზღვევო კომპანია “ალდაგიდან” აცნობეს. მათივე ცნობით,14 ივნისიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” 100-მდე შეტყობინება შევიდა.
“კომპანიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს შემთხვევის ადგილებზე გასვლა და სიტუაციის ანალიზი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “ალდაგმა” გაამარტივა ზარალის დარეგულირების პროცედურები, რაც დაზღვეულებს დაეხმარებათ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება.
ამ ეტაპზე, სრულად დათვლილი და ინსპექტირებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილები. დაფიქსირებული 40 შემთხვევის შედეგად, ზარალის ჯამური რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათას ლარს აღწევს. ავტო მფლობელთათვის ზარალის დარეგულირება კომპანიამ უკვე დაიწყო და ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. რაც შეეხება, ქონებრივ ზარალს, ამ მიმართულებითაც, ზარალის ძირითადი ნაწილი უკვე ინსპექტირებულია და სამუშაოების დასრულებისთანავე “ალდაგი” ანაზღაურების გაცემას დაიწყებს.
ქონების დაზღვევის შემთხვევაში, სტიქიამ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 60 ობიექტი დააზიანა. სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” დაზღვეული მოქალაქეებისთვის ანაზღაურების დროულად გაცემასთან ერთად, აქტიურად ჩაერთო სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესში. კომპანია ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ, მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს. კომპანიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადი 5000-ლარიანი ფულადი დახმარება გაუწიოს 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის ოჯახს. “ალდაგი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს”, – ნათქვამია განცხადებაში.