საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დახმარებას ისრაელის კომპანიებს სთხოვს
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, წუხელ, თბილისში ძლიერი სტიქიის შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ვიზიარებ მწუხარებას მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა მაქსიმალურად გვერდში ამოუდგება დედაქალაქის მერიასა და მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში. ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისში მომუშავე ისრაელურ კომპანიებს, რათა პირველ ეტაპზე დახმარება აღმოუჩინონ და ყურადღება მიაქციონ მათი ობიექტების მიმდინარედ მაცხოვრებლებს და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დახმარება შევთავაზეთ“, – ნათქვამია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, ისრაელის სახლის დამფუძნებლის იციკ მოშეს მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში.
ბიზნესპალატის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე მოვლენების გამო ბიზნესპალატა იქნება მუდმივ კავშირში დედაქალაქის მერიასთან. იციკ მოშე მიმართავს თბილისის მერს, ხვალ შეკრიბოს ბიზნესისა და საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების წარმომადგენლები, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ სტიქიის სალიკვიდაციო პროცესში მერიის მაქსიმალური მხარდაჭერა.