ილია მეორე – ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს

 „ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს“,–ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა და დასძინა, რომ ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს.

“მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყეს. მონასტრებიდან და ტაძრებიდან უნდა ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები”, – ბრძანა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა  აღნიშნა, შესრულდება პარაკლისი გარდაცვლილი ადამიანებისთვის და მათ სახელზე დაინთება სანთლები. საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ილია მეორე სტიქიის ადგილას გაემართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები