ფონდი “იავნანა” დღეს საქველმოქმედო აქციას გამართავს
ფონდი “იავნანა” დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს უმასპინძლებს. პროექტის მხარდამჭერია ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ღონისძიება 12:00 საათზე “ასტრა პარკის” კულტურულ-გასართობი ცენტრიდან დაიწყება. პროგრამის ფარგლებში, ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას სამოყვარულო რბოლაში, 7D კინოთეატრში დაესწრებიან სუპერთანამედროვე ფილმის ჩვენებას, გაერთობიან სათამაშო აპარატებით და მაგიდის თამაშებით, საკუთარ ძალებს გამოცდიან საცეკვაო კარაოკეში. 13:30 საათზე “ჯინო ფერედაისი” პატარებს სპეციალურ გასართობ პროგრამას მოუმზადებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაუვიწყარი ერთი დღე გაატარონ სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში. 15:00 საათზე ბავშვებს კინოთეატრი “Cavea Cinema” უმასპინძლებს. მათ საშუალება მიეცემათ ულტრათანამედროვე სისტემით აღჭურვილ კინოდარბაზებში იხილონ სასურველი ფილმი. 1-ელ ივნისის აქციაში მონაწილეობას მიიღებს და ღონისძიებებს დაესწრება ფონდ “იავნანის” დამაარსებელი პაატა ბურჭულაძე.