გიორგი ალიბეგაშვილი საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ – ვარდების ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ალიბეგაშვილმა სახალხო ზეიმზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
“ყველას გილოცავთ „ვარდატონის“ დღესასწაულს. მოგეხსენებათ, იოსებ გრიშაშვილმა და ჰოვანეს თუმანიანმა დააწესეს ის – სახელოვანი თბილისელ-სომეხი აშუღის – საიათნოვას საპატივცემლოდ, რომელიც ერთნაირად ძვირფასია, როგორც სომეხი, ასევე ქართველი ხალხისთვის“, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – ქეთევან ციხელაშვილი, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარე – მაყვალა გონაშვილი, მთარგმნელი და მწერალი – გივი შაჰნაზარი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის ხელმძღვანელი საქართველოში, ეპისკოპოსი – ვაზგენ მირზახანიანი და სხვები.
საყოველთაო მილოცვების შემდეგ ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელზეც საგანგებოდ ამ დღისთვის სომხეთიდან ჩამოსულმა შემოქმედებმა თავიანთი პროგრამა წარმოადგინეს. „ვარდატონის“ დღესასწაული წელს თბილისში 101-ჯერ ჩატარდა და სომხეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.