ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სენაკის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით 41,1% შეადგინა (541 ამომრჩეველი), ხოლო ზუგდიდში – 18,8 % (217 ამომრჩეველი). სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის, №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება. აღნიშნულ ოლქებში კანდიდატები წარდგენილი ჰყავთ “ქართულ ოცნებას”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “თავისუფალ საქართველოს”, სენაკში კი ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი.
ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე მედია ორგანიზაციები და 9 სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 წარმომადგენელი.