საკრებულოში სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი, საზოგადოება და კანონი“ გაიმართა
თამარ ტალიაშვილის, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ხელშეწყობით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, სამეცნიერო კონფერენცია – „ადამიანი, საზოგადოება და კანონი“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილე CSL-ის სტუდენტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა უმასპინძლეს. საკრებულოს წარმომადგენლებმა, სამართლის სკოლის სტუდენტებს ნებრასკის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება მიულოცეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს. CSL-მა, 2015 წლის აპრილში, ღირსეული მეტოქეობა გაუწია მსოფლიო მასშტაბით ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ გუნდებს, სადაც მეორე ადგილზე გავიდა ნოდარ ჭიაბერაშვილი. სტუდენტის დაფინანსება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის – ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივითა და დიდუბის გამგეობის შუამდგომლობით განხორციელდა. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისის საკრებულო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ საკითხებს, რომლებშიც მომავალი თაობა აქტიურად იქნება ჩართული. კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა ზაზა მარუაშვილმა სტუდენტებში თემატური დებატებისა და დისკუსიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები სამართლის სხვადასხვა მიმართულებიდან, როგორიცაა: ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ევროინტეგრაცია, შრომისა და საგადასახადო კანონმდებლობები, დამნაშავის ფსიქოლოგიური ასპექტები და სხვა. „თბილისის საკრებულო აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და ჩვენი მიზანია ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. ასევე, აუცილებელია თითოეული მათგანი ინფორმირებული იყოს თუ რა ამოცანების წინაშე დგას თვითმმართველობა და რა გეგმები გააჩნია სამომავლოდ“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. საკრებულოში გამართული სამეცნიერო კონფერენცია საზოგადოებისთვის აქტუალურ სამართლებრივ თემებს ეხებოდა.