ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

რიმა ბერაძისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ინიციატივით, რაიონში მცხოვრებ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძისა და ამავე რაიონის გამგეობის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები სამკურნალო – დიაგნოსტიკურ ცენტრ ,,ოჯახის მკურნალში” ჩაუტარდათ.

ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს ბავშვებს სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

„დღეს, კლინიკაში, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ პატარებს უფასოდ მოვემსახურეთ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა სტომატოლოგიურ გამოკვლევებზე იყო. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივით, კლინიკა ერთი წლის მანძლზე უფასოდ მოემსახურება იმ ბავშვებს, რომლებსაც დღეს სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ“, – განაცხადეს სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრის წარმომადგენლებმა.

დღესვე, რიმა ბერაძე და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წევრები, ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და საჩუქრად მუშტაიდის ბაღში ატრაქციონებზე გასართობი ბილეთები გადასცეს.

„პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და მის მიზანს მომავალი თაობის ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის ზრუნვა წარმოადგენს. მინდა ყველა პატარას მივულოცო ეს დღე და მათ კეთილდღეობა, მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

პირველი ივნისის ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებს საჩუქრად ასევე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ ანსამბლ „გვირილას“ საიუბილეო კონცერტისა და ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის საბავშვო მიუზიკლ “მაუგლის” ბილეთები დაურიგდათ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღესვე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მეექვსე სამუსიკო სკოლის აღსაზრდელთა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ბავშვებიც მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები