გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტად გარეგანათების მოწესრიგებას ასახელებენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გიორგი მღებრიშვილი, სოფელ თელეთში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლების კრებას დაესწრნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კრების მიზანს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი სამუშოების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ზემო და ქვემო თელეთის, მუხრანთელეთის, ახალწყლის, წალასყურის წარმომადგენლები, სოფლების რწმუნებულები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდნენ.
„სოფლების წარმომადგენლები დღეს აქ ასახელებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა მოგვარებაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. პრობლემების ჩამონათვალშია წყალმომარაგებაც, რომელიც ამ პროგრამაში ვერ ჩაჯდება, რადგან მეტ ინვესტიციას საჭიროებს. ამიტომ, ამ საკითხზე ჩვენი ჯგუფი დამატებით იმუშავებს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ, – მის თქმით, სოფლები პრიორიტეტად გარეგანათების მოწესრიგებას ასახელებენ.
“შერჩეულ საკიხთან დაკავშირებით შედგება ოქმი, გამოიგზავნება ჩვენ სამინისტროში და, პროცედურების შესაბამისად, სოფელს საჭირო დაფინანსება გამოეყოფა,“-აღნიშნა მინისტრმა.
2014 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, ზემო თელეთისთვის – 24139, ქვემო თელეთისთვის – 24439, მუხრანთელეთისთვის – 5502, ახალწყლისთვის – 14009, წალასყურისთვის 16173 ლარია გათვალისწინებული.
სოფლის კრებები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. მათი დასრულება მარტის ბოლოსთვისაა ნავარაუდევი. შერჩეული პროექტების განხორციელება გაზაფხულზე ყველა სოფელში უნდა დაიწყოს.
„აქ, ყველგან დიდი ხნის პრობლემებია, მარტო ის რად ღირს, რომ 25 წელია სოფელს წყალი არა აქვს,“ – განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, ზემო თელეთის მცხოვრებმა, გიორგი მერაბიშვილმა,
„მე მგონია, ეს ხელისუფლება მიიტანს ამ პრობლემებს გულთან. წელიწადნახევარში ყველაფერი ვერ გაკეთდება, მაგრამ, თუ ისე მიყვებიან, როგორც აკეთებენ, ყველაფერი გამოსწორდება,“ -აღნიშნა მან.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა წელს 50 მილიონი ლარი გამოჰყო. სოფლებისთვის დაფინანსება მათი მოსახლეობის სულადობისა და შესაბამისი კოეფიციენტის მიხედვით არის გათვალისწინებული.