საქართველოში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს საქართველოში შიდსით გარდაცვლილითა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქცია 18:00 დაიწყება. მონაწილეები პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან და მსვლელობით რიყის პარკში ლესელიძის ქუჩის გავლით გაემართებიან, სადაც დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. რიყის პარკში აქციის მონაწილეები შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს დაანთებენ და სოლიდარობის ნიშნად, საჰაერო ფრანებს გაუშვებენ. ასევე, მსგავსი აქცია დღესვე გაიმართება: ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისსა და სამტრედიაში.
ღონისძიების ორგანიზატორია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი (GHRN) და ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD). ორგანიზატორების თქმით, ამ დღეს აქციის გამართვის მიზანი აივ-ინფიცირებული 35 მილიონი ადამიანისადმი გლობალური სოლოდარობის გამოხატვა, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება და მომავალი თაობისათვის იმედის მიცემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში აივის ვირუსით 35 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.
შიდსით გარდაცვლილთა რიცხვი ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 39 მილიონია. რაც შეეხება, 2015 წლის მონაცემებს, საქართველოში რეგისტრირებული 4951 შემთხვევაა. შიდსი 2946 პაციენტს განუვითარდა. შიდსის ვირუსმა უკვე 1015 სიცოცხლე შეიწირა. ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ანტივირუსულ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ სიკვდილიანობის შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ინფიცირებულთა მხოლოდ 37% იღებს მისთვის საჭირო მკურნალობას. შეგახსენებთ, რომ აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
2015 წლის 24 მაისს მსოფლიოში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 32-ჯერ აღინიშნება.