ილია მეორე: გვინდა, ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს, ეს არ არის სწორი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას შრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, ადამიანი შრომას გადაეჩვია. ილია მეორემ მრევლს ასევე მიმართა, რომ საკუთარი საქმიანობისას არასდროს დაკარგონ იმედი, რადგან იმედის დაკარგვა ღვთის წინაშე დიდი ცოდვაა.
“ადამიანმა ამ ცხოვრებაში თავისი ადგილი უნდა იპოვოს. ძალიან ხშირად გვესმის: საქმე არ მაქვს, სამსახური არ მაქვს, სინამდვილეში არ არის შეჩვეული შრომას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გააკეთოს. ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას – ინტელექტუალურ შრომას, გონებრივ შრომას, ფიზიკურ შრომას. გვინდა ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს. ეს არ არის სწორი. წმინდა მამები ყოველთვის ფიქრობდნენ, როგორ ეცხოვრათ. მაგალითად, წმინდა მამები უდაბნოში მიდიოდნენ და იქაც კი ფიქრობდნენ, როგორ ეცხოვრათ”, – მიმართა მრევლს ილია მეორემ.
ამასთან, პატრიარქი ამბობს, რომ ადამიანებმა შრომა ლოცვით უნდა დაიწყონ.
“ანტონი დიდი უფალს ეკითხება: რა ვაკეთოო. მას ეთქვა – ილოცე და იშრომეო. ის კი არ ეთქვა, იშრომე და ილოცეო, არამედ ილოცე და იშრომეო. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ შრომა ლოცვით დავიწყოთ. ჯერ უნდა ვილოცოთ, უფალს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა და შემდეგ შრომა, რომელსაც შენ გასწევ, იქნება დალოცვილი და კურთხეული”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები