პატრიარქი მრევლს მეფუტკრეობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს -„უზრუნველყოფილი გექნებათ ცხოვრება“

სამების ახალგაზრდულ ცენტრში მეფუტკრეობის კოლეჯი იხსნება, სადაც სწავლის მსურველებს ლექციებს და პრაქტიკულ საქმიანობას გამოცდილი მეფუტკრეები ჩაუტარებენ. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მისივე თქმით, სამების ტერიტორიაზე გადატანილია ფუტკრის 25 სკა, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
“დიდი ხანია, ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ ხალხს, რა უნდა გააკეთოს ხალხმა. ერთ-ერთი სახე შრომისა არის მეფუტკრეობა. გამოცდილი ადამიანებისგან მომისმენია, რომ სცადეს მესაქონლეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა, მაგრამ ყველაზე სასარგებლო მეფუტკრეობა ყოფილა – ადვილი და შემოსავლიანი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენთან, სამებაში ახალგაზრდულ ცენტრში მეფუტკრეობის კოლეჯი იხსნება. სასწავლებელი რამდენიმეთვიანი იქნება, გააჩნია, ვინ როგორ აითვისებს. ზოგმა შეიძლება ეს საქმიანობა 1-2 თვეში აითვისოს, ზოგს შეიძლება ერთი წელიწადი დასჭირდეს. მეფუტკრეობა საოცარი და მადლიანი საქმეა – თაფლსაც იძლევა, სანთელსაც იძლევა და ჯანმრთელობასაც იძლევა. ვისაც გაინტერესებთ, შემოიტანეთ განცხადება და დაიწყებს სწავლას. ლექციებს და პრაქტიკულ საქმიანობას შეასწავლიან გამოცდილი მეფუტკრეები, რომელთაც აქვთ მრავალი წლის გამოცდილება. თქვენ იქნებით ბედნიერი, უზრუნველყოფილი გექნებათ ცხოვრება და ოჯახის ყოფა”, – მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები