შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სართიჭალის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სართიჭალის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ. სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომსახურების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს თანამშრომლებმა მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების და საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. შემდეგ მოზარდებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ, „3D“ ბილეთებს გაეცნენ და გამომცდელთან ერთად პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარეს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია 1 მაისიდან დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები