ჯაბა ჯიშკარიანმა ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – ჯაბა ჯიშკარიანი, რაიონის გამგებლის მოადგილესთან – ბადრი ხვადაგიანთან ერთად, იაშვილისა და შინდისის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც “კვირას” საკრებულოდან აცნობეს, მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით, იაშვილის N8-ში გამარებითი სამუშაოები თვეზე მეტია მიმდინარეობს, რის შედეგადაც, ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე სახლის ნგრევის პროცესი შეჩერებულია და მისი რეაბილიტაცია ხორციელდება.
ისტორიული ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით, სახლის გამაგრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდა, ხოლო შემდგომში მთაწმინდის რაიონის გამგეობამ სამუშაოების 100 % – იანი დაფინანსება განახორციელა.
მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, საწყის ეტაპზე, რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება ხდება, რის შემდეგაც, სამაჟორიტარო ბიურო გამგეობასთან ერთად, ადგილზე ეცნობა ვითარებას.
„ჩემს სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ თითოეულ მოსახლეს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას ვუწევთ. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არა მხოლოდ სამაჟორიტარო ბიუროში, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საუბარი არ არის მხოლოდ მთაწმინდის, სოლოლაკისა და ვერის მოსახლეობის მხარდაჭერაზე, არამედ შემოერთებულ სოფლებზეც, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ასევე ინტენსიურად ვხვდებით.
ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე ვეხმარებით მოქალაქეებს და ვუწევთ შესაბამის შუამდგომლობასა და დახმარებას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, – აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი.
როგორც მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილემ ბადრი ხვადაგიანმა აღნიშნა, იაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის დანგრეული ნაწილის აღდგენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსებით იგეგმება.
დღესვე ჯაბა ჯიშკარიანმა შინდისის ქუჩის N3 -ში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ედვარდ ხაჩატურიანის ავარიული სახლი დაათვალიერა და დახმარებას დაპირდა.