„ევრონიუსი“ საქართველოში უძველესი მეღვინეობის კერის აღმოჩენის შესახებ იუწყება

„ევრონიუსი“ ეხმაურება ქვემო ქართლში ნაპოვნ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენას, რომელიც VI ათასწლეულით თარიღდება.

სტატიას „ევრონიუსი“ შემდეგი სახელწოდებით აქვეყნებს: „8 ათასი წლის წინანდელი მეღვინეობის კერა საქართველოში“.

„არქეოლოგები თავდაუზოგავად მუშაობენ იმირის გორაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, მეცნიერების რწმენით ეს ძეგლი ინახავს ისეთ არტეფაქტებს, რომელთა არსებობაც ამტკიცებს, რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის კერაა მთელს მსოფლიოში.

სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს შულავერ-შომუთეფეს და მარნეულის ველის კულტურული ნანგრევებია, 8 ათასი წლის წინ, ნეოლითურ ეპოქაში, მეცხოველეობა და მიწათმოქმედება უკვე განვითარებული იყო. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც იმ დროისათვის მოჰყავდათ სწორედ ყურძენი იყო რათა დაემზადებინათ ღვინო“,-ვკითხულობთ სტატიაში.

ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის სტეფან ბატიუკის თქმით, აღსანიშნავია ის, რომ ამ ძეგლზე აღმოჩენილია ყველაზე ადრეული მოშინაურებული ვაზის ჯიში, რომელიც ამტკიცებს ღვინის უძველეს წარმოებას.

„ჩვენ ვიცით, რომ ღვინის ჭურჭელი აღმოჩენილია შულავერში, რაც ხაზს უსვამდა ფაქტს, რომ ეს იყო უძველესი მეღვინეობის კერა, თუმცა იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე საქართველოში, შესაძლოა საქმე გვქონდეს ღვინის ბევრად უფრო ადრეულ წარმოებასთან რომლის თარიღიც ძვ.წ. 6000 წელია“,-აცხადებს ბატუკი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის თქმით კი, პროექტის მიზანია, გადავხედოთ მიწათმოქმედების ისტორიას.

„ეს არ არის მხოლოდ კვლევა-ძიება იმისა, პირველები ვაწარმოებდით თუ არა ღვინოს, რადგანაც ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები, არამედ ეს გახლავთ ფაქტი, რომ იმ დროში ადამიანი უკვე აწარმოებდა ხორბალსა და სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტს, რაც ნიშნავს, რომ კავკასია და საქართველო ოდიდგანვე იყო დიდი გეოგრაფიული არეალის ნაწილი ე.წ. „ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორია“, სადაც ჩნდება ადრეული მიწათმოქმედების კერა და სათავეს იღებს ადრეული ცივილიზაციები“,-აცხადებს ლორთქიფანიძე.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვერის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია.

ძეგლის არქეოლოგიური შესწავლით დგინდება, რომ ამ პერიოდში იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. ჩნდება პირველი მეურნეობის ნიშნები, იწყებენ ცხოველების მოშინაურებას.

2014 წლიდან ექსპედიცია პროექტის ,,ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევა’’ ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად გამოვლინდა საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავების და პალეო-ბოტანიკური კვლევის შედეგები კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენეხეობის კულტურის შესახებ.

2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ერთობლივი საერთაშორისო პროექტი ,,ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ლაბორატორიული შესწავლა, არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური კვლევა, ასევე ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების შესწავლა-დახასიათება და სხვა.

ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე.

ძეგლის შესწავლა ეტაპობრივად სხვადასხვა წლებში მიმდინარეობდა. 1965-1971 წწ. არქეოლოგიური სამუშაოები სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, ალექსანდრე ჯავახიშვილისა და ოთარ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. ექსპედიციამ სოფელ იმირის მახლობლად შეისწავლა ოთხი ნეოლითური ხანის ნასოფლარი – შულავერის გორა, იმირის გორა, დანგრეული და გადაჭრილი გორა. აღმოსავლეთ საქართველში ნეოლითური ხანის ძეგლებს აგრეთვე იკვლევდა მეცნიერი თამაზ კიღურაძე. მკვლევარების მიერ შულავერ-შომუთეფეს კულტურად წოდებული, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, ეს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლები მას შემდეგ მუდმივი კვლევის საგანია.

2012-13 წწ. ძეგლზე მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია. არქეოლოგიურ სამუშაოებში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები