ეროვნული მუზეუმი ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
საქართველოს ეროვნული მუზეუმი იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროგრამას „არქეოლოგია ყველასათვის“.
როგორც “კვირას“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს გააცნოს და შეაყვაროს კულტურული მემკვიდრეობა.
“პროგრამის ფარგლებში, ყოველ შაბათ-კვირას, მოსწავლეები შეხვდებიან ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერებსა და არქეოლოგებს, რომლებიც მათ გაესაუბრებიან მეცნიერების ამ საინტერესო დარგის შესახებ და ერთად დაათვალიერებენ მუზეუმის საგამოფენო დარბაზებს. რის შემდეგაც, მოსწავლეები თავადაც ჩაერთვებიან საველე არქეოლოგიურ სამუშაოებში ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც მათთვის სპეციალურად არის შექმნილი არქეოლოგიური მოედანი.
23 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე პირადად უმასპინძლებს მოსწავლეთა ჯგუფს და ესაუბრება უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენებს შესახებ. პროგრამაში ასევე, ჩართულები არიან მუზეუმის ყველა თაობის არქეოლოგები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას საზოგადოებრივი განათლება წარმოადგენს. საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით მოზარდები ბავშვობიდანვე ეზიარებიან ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიგრძნობენ პასუხისმგებლობას მისი დაცვისა და შენარჩუნების საქმეში“, -აღნიშნავენ ეროვნულ მუზეუმში.