მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს – თეოფანეს და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულებისთვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამ სათნოებისა და ღვთისმოშიში ცხოვრებისთვის, ღმერთმა მათ ვაჟი – მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი უბოძა.
სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. 325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა. წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.