ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები ხვალ, 11 საათზე “რეპორტიორის” პრესკლუბში უკრაინის ახალაგზრდული პარლამენტის ფორმირებისა და საქართველოს 2015 წლის მოწვევასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავენ.
როგორც “კვირას” ორგანიზაციიდან აცნობეს, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი მოხარულია, აცნობოს საზოგადოებას, რომ პროექტის წარმატებული გამოცდილებისა და მისი იდეის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანალოგიური მოდელით ეროვნული ახალგაზრდული პარლამენტის ფორმირება უკრაინაში მიმდინარეობს.
“ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი კონსულტაციების პროცესში, სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა 2015 წლის მოწვევის დაწყების პერიოდის შეცვლა საქართველოში. უკრაინაში ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდგომ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი დაიწყებს 2015 წლის მოწვევის შერჩევას საქართველოში, რის შესახებაც უახლოეს მომავალში გაცნობებთ.
ჩვენთვის ცნობილია ქართველი ახალგაზრდების დიდი ინტერესი საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიმართ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ქართველი ახალგაზრდების გაერთიანება პროგრესული იდეების გარშემო და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უკრაინელი ახალგაზრდების დახმარების შემდგომ, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის გუნდი გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას საქართველოში”, – აცხადებენ ახალგაზრდულ პარლამენტში.