გიორგი კვირიკაშვილი: “ქართული ფილმის” მმართველი გუნდი თავად ამ სფეროს წარმომადგენლებმა უნდა შეარჩიონ
“ქართული ფილმის” მართვის კონცეფცია და გუნდი უნდა შეირჩეს თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით და არა სახელმწიფოს ჩარევით – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„კულტურის მინისტრთან ერთად შევხვდით დღევანდელი საბჭოს წარმომადგენლებს და განუმარტეთ მათ ჩვენი პოზიცია. ასევე შევხვდით ყოფილ აქციონერებს, რომლებიც დავობენ წართმეული წილის შესახებ. ჩვენ ორივე მხარეს განვუმარტეთ პოზიცია. მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად არასწორია, კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“ სახელმწიფოს მიერ ასეთი დონის ჩარევით იმართებოდეს. ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ მოიპოვონ მანდატი კინემატოგრაფისთა კავშირის მხრიდან. ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია ამ დარგის, პრინციპში, ყველა წარმომადგენელი. მმართველი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის დროებითი მმართველი, რომელიც სულ რამდენიმე თვის განმავლობაში შეასრულებს ძალიან ელემენტარულ საბუღალტრო და ტექნიკურ პროცედურებს. საუბარია იმაზე, რომ გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ აქტივების მართვის კონცეფციაზე და მმართველი გუნდის შერჩევაზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო არ აპირებს ამ პროცესში ჩარევას.
„პირობას გაძლევთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საერთოდ არ ვაპირებთ არანაირ ჩარევას ამ გადაწყვეტილების მიღებაში და მთლიანად გვინდა, რომ ეს მანდატი გადავცეთ კინემატოგრაფისტთა კავშირს. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ან ქონების გასხვისებას აპირებს, ან რაიმე ფორმით აპირებს, რომ ეს ადამიანები დატოვოს თამაშგარეთ, არის აბსოლუტურად მოკლებული ყველანაირ რეალობასა და საფუძველს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ბატონი მერაბ კოკოჩაშვილის მიმართ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ – ჩვენი სურვილია, რომ კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ მართვის კონცეფცია და გამარჯვებული კონცეფცია შეირჩეს თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით და არა სახელმწიფოს ჩარევით. რამდენჯერაც სახელმწიფოს ჩარევით მოხდა მმართველი გუნდის შერჩევა, იმდენჯერ ამან გამოიწვია დიდი წინააღმდეგობა თვითონ სფეროს წარმომადგენლებს შორის“, – აღნიშნა მინისტრმა.
კვირიკაშვილის შეფასებით, არასწორია, რომ მმართველი საბჭო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის დანიშნული.
„სწორედ ამის გამოსწორება გვინდა, რომ საბჭოც და დირექტორიც შეარჩიოს კინემატოგრაფისტთა კავშირმა საუკეთესო კონცეფციისა და მმართველი გუნდის გამოვლენის გზით. ამის შემდეგ ყველანაირი ბრალდებები, მე მგონია, რომ არის საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.