ლომის მიერ დაგლეჯილი მამაკაცის მდგომარება კვლავ კრიტიკულია
თბილისის ცირკში ლომის მიერ დაგლეჯილი მამაკაცის მდგომარება კვლავ კრიტიკულია, ამის შესახებ “კვირას“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ინტენსიური თერაპიის კურსს გადის. თბილისის ცირკში ლომმა უკრაინული დასის წევრი, ცხოველების მომვლელი ახალგაზრდა მამაკაცი დაგლიჯა. ნადირი ახალგაზრდა მამაკაცს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის ვოლიერში შევიდა. ის მძიმე დაზიანებებით, შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცირკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ცირკში უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო, თუმცა ისინი თავად ცხოველების მომვლელმა დაარღვია, რაც მომხდარის მიზეზი გახდა. მარიამ ზედგინიძე